skip to content
ახალი ამბები

თბილისი აფხაზეთში C-300 განთავსებას რუსეთის მიერ რეგიონში ძალთა ბალანსის შეცვლად აფასებს

რუსეთის მიერ აფხაზეთში C-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის განთავსება არის რეგიონში ძალთა ბალანსის შეცვლისკენ გადადგმული ნაბიჯი და დაუფარავი ოკუპაციის კიდევ ერთი გამოხატულება, განაცხადეს ოფიციალურმა პირებმა თბილისში.

აფხაზეთში საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის განთავსების შესახებ განცხადება 11 აგვისტოს  რუსეთის საჰაერო ძალების მეთაურმა ალექსანდრე ზელინმა გააკეთა. მისი თქმით, სისტემა უზრუნველყოფს რეგიონის საჰაერო სივრცისა და იქ განთავსებული რუსული სამხედრო ბაზების დაცვას. 

„თუ ჩვენ  სპეციფიკას გავითვალისწინებთ რა შეიარაღებაზეა ლაპარაკი, რაღა თქმა უნდა, ეს არის არაადეკვატური საქართველოს წინააღმდეგ, თუნდაც თეორიულ საფრთხესთან მიმართებაში, იმიტომ რომ  C-300 არის საკმაოდ დიდი რადიუსის შეიარაღება, რაც ჩვენ გვაფიქრებინებს, რომ ეს ნაბიჯი გადადგმულია რეგიონში ძალთა ბალანსის შესაცვლელად,“–  განაცხადა თემურ იაკობაშვილმა, სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში.

“ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ არანაირი აფხაზების და ოსების ბედი რუსებს არ აწუხებთ, მათ ჭირდებათ ტერიტორიები იმისათვის, რომ ძალის დემონსტრირება და პროექცირება მოახდინონ ამ რეგიონში და პირველ რიგში ვინც უნდა იყოს შეშფოთებული ასეთი ქმედებებით, მე ვფიქრობ, რომ უნდა იყოს შეშფოთებული ნატო,“– აღნიშნა მან.

გარდა ამისა, იაკობაშვილის შეფასებით, “ასეთი ქმედება აშკარად არის [ცეცხლის შეწყვეტის შესახებ] სარკოზის ხელშეკრულების კიდევ ერთხელ დარღვევა“.

უშიშროების საბჭო მდივანმა, ეკა ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული ქმედება არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ რუსეთი რეგიონში "ცალსახა“ და "შეუფარავი ოკუპანტია“.

“ამას არ მალავს რუსეთი თავისი ქცევით,"– აგანაცხადა მან, "მას არამცთუ არ გაჰყავს  თავისი სამხედრო შენაერთები საქართველოს ტერიტორიიდან, არამედ კიდევ უფრო აძლიერებს თავის სამხედრო კონტროლს ამ რეგიონებში". 
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button