ახალი ამბები

იუნესკო: ბაგრატის ტაძრის აღდგენა ”დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს”

მცხეთის შემდეგ, საფრთხის წინაშე მდგომი მსოფლიო მემკვიდრეობის ისტორიული ძეგლების სიაში იუნესკომ ახლა უკვე ბაგრატის ტაძარი და გელათის სამონასტრო კომპლექსიც შეიტანა.

გადაწყვეტილება 29 ივლისს, მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის სხდომაზე მიიღეს და ამის მიზეზად ბაგრატის ტაძრის მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასახელდა.

კომიტეტმა განაცხადა რომ ”სერიოზულად შეშფოთებულია” მიმდინარე სამუშაოებით, რომელიც ”დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს”, რადგან ის ”ხელყოფს ტაძრის აუთენტურობას.”

მე-10-11 საუკუნეებში აგებული ბაგრატის ტაძარი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წელს შეიყვანა. 

ივნისში პარლამენტის მიერ მიღებული 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები, სხვა ხარჯებთან ერთად ასევე ითვალისწინებდა ბაგრატის ტაძრის რეაბილიტაციის პირველადი სამუშაოებისთვისთვის დამატებით 2 მილიონი ლარის გამოყოფს.

ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუციის შესახებ გადაწყვეტილებამ შარშან დებატები გამოიწვია რადგან სპეციალისტთა ნაწილი ტაძრის არსებული ფორმით კონსერვაციას, ხოლო ნაწილი თანამედროვე მეთოდებით აღდგენას ემხრობოდა.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა შარშან ოქტომბერში განაცხადა, რომ პროექტის კრიტიკის მიუხედავად, ტაძრის რესტავრაცია არ შეჩერდებოდა.

”ამ საკითხზე მე საერთოდ არ შევიცვლი აზრს. ბაგრატი უნდა აღდგეს, ბოლომდე დამშვენდეს და მთელი თავისი ბრწყინვალებით წარმოუდგეს ისევ საქართველოს”, – განაცხადა სააკაშვილმა.

2009 წლის ივლისში იუნესკოს გადაწყვეტილებით მცხეთაც მოხვდა საფრთხის წინაშე მდგომი ისტორიული ძეგლების  ნუსხაში. ორგანიზაციამ ამის ერთ-ერთ მიზეზად დაასახელა ქალაქი-მუზეუმის ”ზოგიერთი კომპონენტის მიუღებელი მეთოდებით რესტრავრაცია, რის შედეგადაც მათი აუთენტურობა დაიკარგა.”

Back to top button