ახალი ამბები

კვლევის თანახმად, უმეტესობა არსებულ საპრეზიდენტო სისტემას უჭერს მხარს

24 ივლისს გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა აჩვენებს, რომ გამოკითხულთა უმეტესობა მოქმედი, ძლიერი საპრეზიდენტო სისტემის მომხრე უფროა, ვიდრე ძლიერი პრემიერ–მინისტრის, რასაც პარლამენტის მიერ გასულ კვირაში ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს.

აშშ-ის საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მიერ 24 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით ჩატარებული კვლევის თანახმად,  2 053 გამოკითხულთაგან 48%–მა განაცხადა, რომ ისინი მოქმედ საპრეზიდენტო სისტემას უჭერენ მხარს, ხოლო 14%–მა აღნიშნა, რომ ძლიერი პრემიერ–მინისტრის მომხრეა; რესპონდენტთა 31%–მა უპასუხა ”არ ვიცი”.  

2009 წლის დეკემბრის, NDI-ის მსგავსი კვლევის თანახმად, რესპონდენტების უმეტესობამ განაცხადა, რომ ისინი მხარს უჭერენ პრეზიდენტის უფლებამოსილებათა ნაწილის პარლამენტისთვის გადაცემას.

ივნისის დასაწყისში Le Monde-თან ინტერვიუში სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ მას უფიქრია პრემიერ–მინისტრობაზე 2013 წელს თავისი მეორე და საბოლოო საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, რესპონდენტთა 32%–მა განაცხადა, რომ ისინი პრეზიდენტის ამ განცხადებას არ უჭერენ მხარს, ხოლო 26%–მა განაცხადა, რომ უჭერენ მხარს. 16%–ის თქმით, მათთვის სულერთია, ხოლო 23%–მა არ იცის.
 
კვლევის თანახმად, რესპონდენტთა უმეტესობა მთავარ პრობლემად კვლავ უმუშევრობას ასახელებს, რასაც მოსდევს ტერიტორიული მთლიანობა და სიღარიბე.

რესპონდენტთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური რეფორმა უნდა იყოს ქვეყნისთვის; მას მოსდევს საკუთრების უფლებების დაცვა და საგადასახადო რეფორმა.

რესპონდენტთა 42% მიიჩნევს, რომ საქართველო ძირითადად სწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 9%–ს მიაჩნია, რომ საქართველო აშკარად სწორი მიმართულებით ვითარდება. 15% ფიქრობს, რომ „საქართველო საერთოდ არ იცვლება“.

რესპონდენტთა 53% მიიჩნევს, რომ ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა ”კარგად” ან ”ძალიან კარგად”. თუმცა, აპრილში ჩატარებული ანალოგიური კვლევის მსგავსად, 46% კვლავაც მიიჩნევს, რომ საქართველოში ამჟამად არ არის დემოკრატია.

აპრილში ჩატარებული მსგავსი კვლევის შემდეგ იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც კრიტიკულად აფასებენ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში დაახლოებით 7%–ით გაიზარდა.

ბოლო კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 34% აცხადებს, რომ მათთვის „საერთოდ მიუღებელია“ საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში, ხოლო 25 %–ის თქმით, მათთვის ეს „ნაწილობრივ მიუღებელია“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button