
სააკაშვილი „ორგანიზებულ დანაშაულსა და მარგინალურ ოპოზიციას შორის კავშირზე“ საუბრობს
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 26 ივლისს, რომ ქართული ოპოზიციის ერთ ნაწილს, რომელიც მან „მარგინალური“ უწოდა, დიდი ხნის კავშირი აქვს ქართული ორგანიზებული დანაშაულის ქსელთან ევროპასა და რუსეთში და დასძინა რომ ამას ავსტრიის პოლიციის ანგარიშიც ადასტურებს.
გერმანული გაზეთი Frankfurt Rundschau–ი და შემდეგ Wall Street Journal–ი იტყობინებოდნენ ივნისში და ივლისში, შესაბამისად, ავსტრიის ფედერალური კრიმინალური პოლიციის 66–გვერდიან ანგარიშზე დაყრდნობით, რომ ქართული ორგანიზებული დანაშაულის ქსელი ფულს აგროვებდა ქართული ოპოზიციური ჯგუფებისთვის, რომელთა ვინაობაც სტატიებში არ იქნა გამხელილი, რათა 2009 წლის ქუჩის აქციები დაეფინანსებინათ.
„სამწუხაროდ, არავისთვის საუდუმლო არ არის, რომ პოლიტიკური სპექტრის ერთი ნაწილი, მე ვლაპარაკობ მარგინალურ ნაწილზე და ყველა არჩევნები ამას აჩვენებს, რომ მათ არანაირი მხარდაჭერა არ ააქვთ, მაგრამ ეს მარგინალიზებული ნაწილი, რომელიც საერთოდ არ დადის არჩევნებზე, თავს უწოდებენ პოლიტიკოსებს. ესენი აქტიურად არიან დაკავშირებული ორგანიზებულ დანაშაულთან,“ – განაცხადა სააკაშვილმა სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, რომელიც ტელევიზიით გაშუქდა.
„ჩვენ ეს ვიცით და ეს არ არის ჩვენი სპეკულაცია. ავსტრიის პოლიციამ გამოაქვეყნა დიდი ანგარიში, სადაც ნათლად არის ნაჩვენები, რომ საპროტესტო აქციებს თბილისში აფინანსებდა ქართული ორგანიზებული დანაშაული, მათ შორის ავსტრიიდან და სხვა ევროპული ქვეყნებიდან, რა თქმა უნდა რუსეთიდან,“ – განაცხადა მან.
„და ამიტომ შემთხვევითი არ იყო ესთეტიკა ამ აქციების – საკნები, ქურდები, ქურდული ჟარგონი ტელევიზორში. მე არ ვიცი, რა თქმა უნდა, საზოგადოების რაღაც ნაწილი ამას წამოეგო და ამან აქტიურად გაიტაცა. ჩვენ ამას შევხვდით ცივსისხლიანად, იმიტომ, რომ მე ვიცი, რომ საბოლოო ჯამში კრიმინალები არიან მშიშრები, კრიმინალების მიერ დაფინანსებული პოლიტიკური აქციები აუცილებლად ჩაფლავდებოდა და ვერავინ საზოგადოებას ვერ მოახვევდა საკნების, გალიების და ქურდების ლოგიკას. მაგრამ ის, რომ ამას აფინანსებდა ქართული მაფია, მათ შორის უცხოური ცენტრების დახმარებით, ეს დადასტურებულია ავსტრიის პოლიციის მიერ, ამაზე წერდა ევროპული პრესა და მე ვფიქრობ უნდა რცხვენოდეთ იმ პოლიტიკოსებს, რომელიც ამასთან იყვნენ ღიად ასოცირებულები. მე ვფიქრობ, მათ ვერდიქტი ამომრჩევლებმა გამოუტანეს ბოლო არჩევნებზე და ასე იქნება მომავალშიც,“ – დასძინა სააკაშვილმა.
მან ამის თაობაზე იმ პრობლემებზე საუბრისას განაცხადა, რომელიც სასჯელაღსრულების სისტემის წინაშე, მისი თქმით, რამოდენიმე წლის წინ იდგა, და აღნიშნა, რომ ერთ–ერთი მთავარი გამოწვევა იმ პრაქტიკის აღმოფხვრა იყო, როდესაც კრიმინალურ სამყაროს კანონიერი ქურდები ციხეებიდან მართავდნენ. სააკაშვილის თქმით, როდესაც 2005 წლის ბოლოს მან ბაჩო ახალაია დანიშნა სასჯელაღსრულების სისტემის უფროსად, პრიორიტეტს კანონიერი ქურდების „იზოლირება“ წარმოადგენდა.
„ჩვენ გაგვაფრთხილეს, რომ [ამის საპასუხოდ] იქნებოდა ბუნტი; ბაჩომ უთხრა, რომ არ გვეშინიაო. იყო ბუნტი, მას [ახალაიას] მოუხდა ძალის გამოყენება,“ – განაცხადა სააკაშვილმა. მას მხედველობაში ქონდა 2006 წლის მარტის მოვლენები, როდესაც არეულობას თბილისის მეხუთე საპყრობილეში შვიდი პატიმარი შეეწირა.
სააკაშვილის თქმით, იმ დროს ახალაიას აკრიტიკებდა და ებრძოდა ის ხალხი, „ვინც არის აქტიურად კრიმინალთან დაკავშირებული. ამაში მე აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული“.
მან ასევე განაცხადა, რომ ახლა მთავარ პრიორიტეტს „ციხის ჰუმანიზაცია“ წარმოადგენს; მან ასევე განაცხადა, რომ დანაშაულის შემცირებისკენ მიმართულ მთავრობის პოლიტიკას პატიმრების რაოდენობის ზრდა მოყვა, რაც ახალი ციხეების მშენებლობის პროცესით უნდა მოგვარდეს.
ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, გადატვირთული ციხეები კვლავ პრობლემად რჩება, რისი მიზეზიცაა პატიმართა რაოდენობის ზრდა და ინფრასტრუქტურის ნაკლებობა, ასევე ხელისუფლების სისხლის სამართლებრივი პოლიტიკა და სასჯელთა შეკრებითობის არსებული პრაქტიკა.
სამინისტროს თანამშრომლებთან შეხვედრაზე სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ სასჯელთა შეკრებითობის პრაქტიკა „რომლის დროსაც რამდენიმე ათეული წელი გამოდის სასჯელი, არ არის ნორმალური“. მან ასევე დასძინა, რომ საქართველო ახლა „ევროპულ სისტემაზე უნდა გადავიდეს, რომელიც ბევრად უფრო ლიბერალურია“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)