
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.5%–მდე გაზარდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა 21 ივლისს, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით, 6.5%–მდე გაზარდა.
ივნისში ეროვნულმა ბანკმა იგივე განაკვეთი 6.25%–მდე გაზარდა, რომელიც მანამდე 2009 წლის ნოემბრიდან 5%–ის ნიშნულზე იყო შენარჩუნებული.
„მოსალოდნელია, რომ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია 6 პროცენტის ფარგლებში შენარჩუნდება, თუმცა ინფლაციის ზრდის მცირე რისკები მაინც არსებობს,“ – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში, რომელიც 21 ივლისს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ გამოქვეყნდა.
„წლის პირველ ნახევარში ეკონომიკის გამოჯანსაღების არსებული ტემპების გათვალისწინებით 2010 წელს მშპ–ს ზრდის ტემპის საპროგნოზო მაჩვენებელი 4.6%–ს შეადგენს,“ – განაცხადა ბანკმა.
მისი თქმით, მიუხედავად „მცირე კლებისა,“ კვლავ მაღალია ფულადი აგრეგატების წლიური ზრდის ტემპი. ივნისში ფულადი აგრეგატების წლიური ზრდის ტემპმა 40%–ზე მეტი შეადგინა.
ჯერ კიდევ გაურკვეველია უცხოური პირდაპირი ინვესტიციებით კაპიტალის შემოდინების ტემპი, ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.