ახალი ამბები

სააკაშვილი: ”განათლება სტრატეგიული პრიორიტეტია”

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 22 ივლისს, რომ საქართველოს არ გააჩნია უფრო მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, ვიდრე განათლების სისტემის განვითარებაა. 

განათლების სამინისტროში შეხვედრაზე, სააკაშვილმა განაცხადა, რომ მიუხედავად მიღწევებისა, ქვეყნის განათლების სისტემა „არ აკმაყოფილებს იმ თანამედროვე გამოწვევებს, რომელიც საქართველოს და ქართველ ხალხს აქვს საკუთარი მოდერნიზაციისთვის“. 

„არსებითად ჩვენ გვჭირდება სერიოზული მოდერნიზაცია განათლების სისტემის, ცოტა მოკრძალებული თანხების გათვალისწინებით, რომელიც ჩვენ გვაქვს, მაგრამ ამ თანხებში რაც შეიძლება უნდა გავაკეთოთ. ეს არის პირველ რიგში დიდი აქცენტის გაკეთება ტექნიკურ დარგებზე. საქართველოს მომავალი, ისე როგორც ნებისმიერი ქვეყნის მომავალი, ეს არის საინჟინრო დარგების განვითარება, ინოვაცია, შენი პროდუქტის შექმნა, ექსპორტზე გატანა,“ – განაცხადა მან. 

„როცა ვლაპარაკობ სინგაპურზე – სინგაპური ეს იყო; როცა ვლაპარაკობ ჩინეთზე – ჩინეთის განვითარება სწორედ ეს არის,“ – განაგრძო მან.

2010 წელს განათლების სამინისტროს დაფინანსება 561.68 მილიონ ლარამდე გაიზარდა შარშანდელი 519 მილიონი ლარიდან.

„საბოლოო ჯამში, უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი განათლება არის სტრატეგიული პრიორიტეტი ჩვენი ქვეყნის. ამაზე უფრო მნიშვნელოვანი და სტრატეგიული დარგი ჩვენ შეუძლებელია გვქონდეს და ჩვენი ყველა სახელმწიფო უწყება მოწოდებულია თქვენ მაქსიმალურად ხელი შეგიწყონ, მაგრამ თქვენგან, ამ სფეროში დასაქმებული სპეციალისტებისგან, ჩვენ ველით მკვეთრად ამაღლებას სტანდარტების,“ – განუცხადა სააკაშვილმა განათლების სამინისტროს ხელმძღვანელებს.

„დღევანდელი სტანდარტები არ პასუხობს ხვალინდელი საქართველოს მოთხოვნებს,“ – განაცხადა მან.

სააკაშვილი ასევე მიესალმა მანდატურების ინსტიტუტის შემოღებას. „დისციპლინა სკოლებში არის უმთავრესი. მშობელმა უნდა იცოდეს, ბავშვს რომ გაუშვებს, ის საღსალამათი უნდა დაუბრუნდეს სახლში,“ – განაცხადა მან.

„მთლიანობაში მინდა გითხრათ, რომ განათლების სამინისტროს მუშაობას, რა თქმა უნდა, ჩვენ  და საზოგადეობა ძალიან მაღალ დონეზე აფასებს, ყველა თავისი ხარვეზებით და შუქჩრდილებით, მაგრამ ასევე ძალიან კარგად ვხედავთ მიღწევებს, ვხედვათ ასევე სწორ პროგრამას, თუ რა უნდა გაკეთდეს“, – დასძინა მან.

 

This post is also available in: English Русский

Back to top button