
RAKIA ფოთის პორტის აქციების პირველად განთავსებას 2011-ში აპირებს
რას ალ ხაიმას საამიროს საინვესტიციო ფონდი (Ras Al Khaimah Investment Authority – RAKIA) 2011 წელს მისი კუთვნილი ფოთის პორტის აქციების საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე პირველად განთავსებას (IPO) გეგმავს, განაცხადა ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა 20 ივლისს.
„ჩვენ IPO-ს აუცილებლად ვიწყებთ 2011 წელს,“ – იტყობინება „როიტერი“RAKIA-ს აღმასრულებელი დირექტორის, ხატერ მასაადის, სიტყვებზე დაყრდნობით.
RAKIA–მ ფოთის პორტის საკონტროლო პაკეტი 2008 წლის აპრილში შეიძინა 90 მილიონ აშშ დოლარად და ფოთში, 300 ჰექტარის მიწის ნაკვეთზე, თავისუფალი ინდისტრიული ზონის განვითარება დაიწყო. მოგვიანებით იმავე წელს RAKIA–მ სახელმწიფოსგან ფოთის პორტის დარჩენილი 49% აქციებიც შეიძინა 65 მილიონ აშშ დოლარად.
RAKIA–ს აღმასრულებელმა დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ ფონდი უცხოეთში ინვესტიციების შემცირებას და სანაცვლოდ ადგილობრივ, რას ალ ხაიმას ბაზარზე, ფოკუსირებას გეგმავს.
„ჩვენ აღარ განვახოციელებთ ინვესტიციებს საზღვაგარეთ, თუმცა გავაგრძელებთ უკვე დაწყებულ პროექტებს, მათ შორის ალუმინის ქარხანას ინდოეთში და პორტს საქართველოში,“ – იტყობინება დუბაიში გამომავალი ინგლისურენოვანი გაზეთი Gulf News-ი ხატერ მასაადის სიტყვებზე დაყრდნობით.
არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ძირითადად RAKIA–ს წყალობით, საქართველოში განხორციელებულ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციების მხრივ 2008 და 2009 წლებში პირველ ადგილზე იყო, შესაბამისად 306.5 მილიონი და 169.8 მილიონი აშშ დოლარით. საქსტატის მონაცემებით, 2010 წლის პირველ კვარტალში არაბეთის გაერთიანებულ საამიროებიდან საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები არ განხორციელებულა.
გარდა ფოთის პორტისა, RAKIA, მისი კუთვნილი დეველოპელური კომპანიის Rakeen–ის საშუალებით, საქართველოში რამოდენიმე დეველოპერული პროექტიც აქვს დაწყებული.