ახალი ამბები

საპატრიარქოსთვის საჯარო ევანგელისტური ქადაგება “მიუღებელია“

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აცხადებს, რომ ევანგელისტური ეკლესიის წარმომადგენლის დევიდ ჰეთევეის მიერ დაგეგმილი საჯარო ქადაგება "შეურაცხმყოფელია“; და მრევლს მოუწოდებს თავი შეიკავოს "ამ და მსგავს რელიგიურ შეხვედრებში მონაწილეობისაგან“.

16 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში საპატრიარქო გამოეხმაურა ევანგელისტი მქადაგებლის და ჟურნალ „Prophetic Vision“-ის (წინასწარმეტყველური ხედვა) მთავარი რედაქტორის დევით ჰეთევეის მიერ თბილისში 16 ივლისიდან სპორტის სასახლეში დაგეგმილ სამდღიან მსახურებას. ამ ღონისძიების რეკლამები ქართული ტელევიზიებით გადის.

“საზოგადოებაში მუსირებს არასწორი აზრი, თითქოს სწავლება, რომელსაც იგი ავრცელებს მართლმადიდებლობასთან კავშირშია, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება,“– ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

მართლმადიდებელი ეკლესიის განცხადებით, ევანგელისტების მიმდინარეობა "თავისი არსით ყოვლად მიუღებელია როგორც მართლმადიდებელთათვის, ისე მრავალსაუკუნოვანი ტრადიციული ქრისტიანული აღმსარებლობებისათვის“ და “მართლმადიდებლობის უარმყოფელი სწავლების წარმომადგენლის მიერ ქრისტიანობის ასეთი საჯარო ქადაგება არის ყოვლად მიუღებელი და შეურაცხმყოფელი ქმედება“.

საპატრიარქოს განცხადებით, საქართველო ტოლერანტული ქვეყანაა, სადაც ყველა რელიგიურ მიმდინარეობას აქვს შეკრების, აღმსარებლობისა და სიტყვის თავისუფლება, რასაც "ისინი თავის სამლოცველოებში დაუბრკოლებლად ანხორციელებენ“.

"მაგრამ ის, რაც ამ დღეებში სპორტის სასახლეშია დაგეგმილი არის აშკარა მაგალითი პროზელიტიზმის ანუ მცდელობა ადამიანების ფართო მასების თავის რწმენაზე გადაბირებისა. პროზელიტიზმი კი, საერთაშორისო რელიგიათშორისი კონვენციებითაც და ქრისტიანული ეთიკიდან გამომდინარეც დაგმობილია,“– აცხადებს საპატრიარქო.

Back to top button