
კუშნერი საქართველოს რუსეთთან საუბარს ურჩევს
მიუხედავად ყველა სირთულისა, საქართველო უნდა ჩაერთოს რუსეთთან მოლაპარაკებებში, განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარ კუშნერმა 15 ივლისს თბილისში ვიზიტის დროს.
კუშნერის ვიზიტამდე ხუთი კვირით ადრე პრეზიდენტი სააკაშვილი პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის შეხვდა.
კუშნერმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და განაცხადა, რომ 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიანი შეთანხმება კვლავ ძალაშია და სრულად უნდა შესრულდეს რუსეთის მიერ.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ საფრანგეთი და ევროკავშირი ამ საკითხს რუსეთთან მოლაპარაკებების დროს აყენებენ და მიმდინარეობს მუშაობა ექვსპუნქტიანი შეთანხმების სრული შესრულების უზრუნველყოფისთვის.
თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ აგვისტოს ომიდან მხოლოდ ორი წელი გავიდა და ასეთ მოკლე პერიოდში რაიმე მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა შეუძლებელია.
"რუსებმა უნდა დაიხიონ უკან იმ პოზიციებზე, რომელიც აგვისტოს ომამდე ეკავათ. რას ელით ჩემგან რუსეთზე ზეწოლის კუთხით, გარდა იმისა, რომ მოლაპარაკებები ვაწარმოო [რუსეთთან]?“ – განაცხადა კუშნერმა.
"ჩვენ ვცდილობთ წარმატებას მივაღწიოთ ჟენევის დისკუსიების ფარგლებში და ვცდილობთ რაც შეიძლება მეტი ველაპარაკოთ რუსეთს,“ – დასძინა მან.
"მე ვარ მადლობელი იმისა, რომ ბერნარ კუშნერმა დღესაც გამოსვლაში და არაერთხელ უხსენებია სიტყვა "ოკუპაცია;“ ეს ზუსტად აღწერს სიტუაციას, რაც ხდება ჩვენ ოკუპირებულ რეგიონებში,“ – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა კუშნერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
საქართველო ცდილობს საერთაშორისო დონეზე დაამკვიდროს ტერმინი "ოკუპირებული ტერიტორიები“ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში. 5 ივლისს საქართველოში ვიზიტის დროს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის "განგრძობითი ოკუპაციის“ წინააღმდეგ ისაუბრა. რუსეთმა ამის საპასუხოდ განაცხადა, რომ კლინტონის მიერ ტერმინის "ოკუპაცია“ გამოყენება "უსაფუძვლო“ იყო.
კუშნერმა განაცხადა, რომ მართალია მან ახსენა ტერმინი "ოკუპაცია“ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში, მაგრამ კონფლიქტი მხოლოდ ამ ტერმინის გამოყენებით ვერ მოგვარდება.
პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრამდე კუშნერმა "ევროპის სახლში" ევროპული პოლიტიკის საკითხებზე ისაუბრა.
შეხვედრაზე, რომელსაც პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მართალია საქართველოსთვის ადვილი არ არის რუსეთთან მოლაპარაკებებში ჩართვა, მაგრამ ეს აუცილებელია.
კუშნერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტი სააკაშვილი პირდაპირ არ შეეხო რუსეთთან მოლაპარაკებების საკითხს, თუმცა ამ საკითხზე განცხადება მან 29 ივნისს გააკეთა, როდესაც აღნიშნა, რომ თბილისი მზად არის რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის "წინაპირობების გარეშე“, მიუხედავად მოსკოვის პოზიციისა, რომ ის არ აწარმოებს დიალოგს საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებასთან.
"მინდა დავადასტურო ჩვენი სრული მზადყოფნა, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე რუსეთთან ვაწარმოოთ ფართომასშტაბიანი დიალოგი ნორმალიზაციაზე,“ – განაცხადა სააკაშვილმა 29 ივნისს და განაგრძო: "ეს ნორმალიზაცია გულისხმობს 500 ათასამდე ქართველი დევნილის – და ქართველს, როცა ვგულისხმობ ეს არის ეთნიკურად ქართველი, ეთნიკურად აფხაზი, ეთნიკურად სომეხი, ეთნიკურად ებრაელი, ეთნიკურად ბერძენი, ეთნიკურად უკრაინელი, ეთნიკურად ესტონელი და სხვა ეთნიკური ჯგუფები, რომლებიც იქიდან იქნენ გაძევებული – მათ დაბრუნებას თავის მიწაზე, თავის მშობლიურ სახლებში, მათი ქონებრივი და მოქალაქეობრივი უფლებების აღდგენას, საქართველოს ტერიტორიის დეოკუპაციას და რა თქმა უნდა, ყველა საკითხს, რაც ეხება ორმხრივ ეკონომიკურ, პოლიტიკურ, დიპლომატიურ და რა თქმა უნდა, ჰუმანიტარულ და სხვა ურთიერთობას“.
"ჩვენ არანაირი ინტერესი არ გვაქვს რუსეთთან კონფრონტაციის, ჩვენ მზად ვართ ვაწაარმოოთ მათთან დიალოგი, მათ შორის რუსეთის ხელმძღვანელობასთან, რომელიც განსხვავებით საქართველოს ხელისუფლებისგან, არჩეულია ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევით, რაც დაფიქსირებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ; მიუხედავად ამისა ეს არის რუსეთის ხელმძღვანელობა და ჩვენ ვაღიარებთ მათ, როგორც მოლაპარაკების პარტნიორს და ჩვენ მათთან გვინდა ყველანაირი მოლაპარაკების წარმოება გათვალისწინებით იმისა, რომ საქართველო უნდა იყოს აღიარებული როგორც ერთიანი, სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელსაც სურს, რომ იყოს მათი პარტნიორი,“ – განაცხადა სააკაშვილმა.
დღეს დილით კუშნერი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა, მათ შორის ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების ლიდერს ირაკლი ალასანიას; დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს ლიდერს ნინო ბურჯანაძეს; რესპუბლიკური პარტიის წევრს თინა ხიდაშელს და მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის წევრს, დეპუტატ პეტრე მამრაძეს. ოპოზიციურმა პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ შეხვედრაზე მათ შიდა პოლიტიკური სიტუაციის და დემოკრატიის, ასევე რუსეთთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
თბილისიდან გამგზავრებამდე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოფელ კოდაში დევნილთა დასახლება მოინახულა.
მიმდინარე კვირას Euronews–თან ინტერვიუში საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა პიერ ლელუშმა განაცხადა, რომ პარიზი თბილისის მეგობარია და საფრანგეთს რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება არალეგიტიმურად მიაჩნია.
"ამ ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობას, რომელიც ადგილზე [სოხუმის და ცხინვალის მიერ] გამოცხადდა და რუსეთის მიერ იქნა აღიარებული, ჩვენთვის სამართლებრივი ძალა არ გააჩნია,“ – განაცხადა მან, "გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ შეცდომაა ყალბი სუვერენიტეტი მიანიჭო იმ ტერიტორიებს, რომლებიც ფაქტიურად სუვერენული ქვეყნის ანკლავებს წარმოადგენენ. ეს ქმნის პრეცედენტებს, რომლითაც ვერავინ სარგებლობს, აბსოლუტურად ვერავინ. და ზოგს მოსკოვში ეს ესმის“.