skip to content
ახალი ამბები

აფხაზმა დეპუტატებმა ადგილობრივი ტელევიზიით ქართული დოკუმენტური ფილმის გაშვება დაგმეს

სეპარატისტული აფხაზეთის პარლამენტმა 9 ივლისს მიიღო განცხადება, რომელშიც აფხაზური ტელევიზიით კონფლიქტის შესახებ გადაღებული ქართული დოკუმენტური ფილმის ჩვენებაა დაგმობილი.

"სტუდია რე“–ს მიერ შექმნილი დოკუმენტური ფილმის – "ნების არქონა“ – ავტორები ცდილობენ კრიტიკული თვალით შეხედონ ქართული მხარის ქმედებებს არა მხოლოდ აგვისტოს ომამდე, არამედ გასული საუკუნის 80–იანი წლების ბოლოსა და 90–იანი წლების დასაწყისში.

50–წუთიანი ფილმი "აფხაზეთის სახელმწიფო ტელე-რადიო კომპანიამ“ 23 ივნისს უჩვენა, რასაც სატელევიზიო სტუდიაში ფილმის განხილვა მოყვა.

აფხაზური ტელევიზიით ამ ფილმის ჩვენება აფხაზეთში არაერთმა პოლიტიკოსმა თუ საზოგადოებრივმა ჯგუფმა გააპროტესტა, რასაც 9 ივლისს საკანონმდებლო ორგანოს მიერ სპეციალური განცხადების მიღება მოჰყვა. განცხადების მიღებამდე ფილმის ჩვენება სპეციალურად დეპუტატებისთვის მოეწყო.

"ამ ფილმის ჩვენებას [აფხაზეთის] საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის ნეგატიური რეაქცია მოყვა,“ –  ნათქვამია განცხადებაში.

იქვე ნათქვამია, რომ მართალია "ეს ფილმი ცვლის აფხაზეთის ფარგლებს გარეთ დამკვიდრებულ გარკვეულ შეხედულებებს ქართულ–აფხაზური ომის დაწყების შესახებ“ 1990–იანი წლების დასაწყისში და საქართველოს ლიდერებისკენ იშვერს თითს, "როგორც აგრესიის წყაროსკენ,“ მაგრამ ეს არ იძლევა იმის საფუძველს, რომ ფილმი "აფხაზეთის მიმართ ლიბერალურად ჩაითვალოს, ან ანტიქართულად“.

"ფილმში გაკრიტიკებულია არა თავად [საქართველოს] პოლიტიკის არსი, არამედ საქართველოს ე.წ. ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მოგვარების მეთოდები,“ – ნათქვამია განცხადებაში.

"ეს ფილმი არის იდეოლოგიური სატყუარა, რომელიც აფხაზი ხალხის, აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის და რუსულ–აფხაზური ურთიერთობების წინააღმდეგაა მიმართული,“ – ნათქვამია განცხადებაში, რომლის თანახმადაც ასეთი ფილმის გაშვება სახელმწიფო ტელევიზიით "შეცდომა“ იყო.

This post is also available in: English Русский

Back to top button