ახალი ამბები

დეპუტატები მთავრობაში სტრუქტურულ ცვლილებებს განიხილავენ

საპარლამენტო კომიტეტებმა მთავრობაში დაგეგმილი საკადრო გადაადგილებების შესაბამისი  სტრუქტურული ცვლილებების განხილვა დაიწყეს, რომლის დამტიცებაც მიმდინარე კვირაში იგეგმება.

მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებების შესახებ კანონპროექტი ოთხ ახალ დებულებას ითვალისწინებს. ესენია: კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსგან ახალგაზრდობისა და სპორტის სეგმენტის გამოყოფა და ცალკე სამინისტროდ ჩამოყალიბდება; ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაერქმევა სახელი და მას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დაერქმევა; და მის შემადგენლობაში გადავა ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია, რომელიც  რეგიონული მართვისა და ინფრასტრქუტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში შედიოდა.

და ბოლოს იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებზე მომუშავე უწყებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო დაერქმევა.

მთავრობის საპარლამენტო მდივანის, გია ხუროშვილის განცხადებით, ქვეყნის 20%–ის რუსეთის მიერ ოკუპაციის ფაქტიდან გამომდინარე და ასევე ხელისუფლების მცდელობის ფონზე, რომ ოკუპაციის სტატუსი საერთაშორისო დონეზე იქნას აღიარებული, „მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, რომ [სამინისტროს] სახელწოდებაში [ოკუპაცია] გამოვიტანოთ, როგორც ქვეყნის ერთ–ერთი პრიორიტეტი“.

ეს ცვლილება კანონპროექტში მას შემდეგ აისახა, რაც თეთრმა სახლმა სეპარატისტული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოფიციალურად მოიხსენია "ოკუპირებულ“ ტერიტორიებად. პრეზიდენტმა სააკაშვილმა ამას "წინ გადადგმული ნაბიჯი" უწოდა, რადგან "მიეცა ზუსტი სამართლებრივი შეფასება იმას, თუ რა ხდება საქართველოში“. ტერმინი "ოკუპაცია“ პირველად საქართველოს შესახებ მიღებულ განცხადებაში ლიტვის სეიმმა გამოიყენა. მანამდე ეს ტერმინი ამოღებული იქნა ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტიდან სამხრეთ კავკასიაზე.

მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების დამტკიცების შემდეგ, რაც ასევე მოითხოვს ბიუჯეტში კორექტივებს ხარჯების გადანაწილების მიზნით, პარლამენტი უკვე მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას გამოუცხადებს ნდობას.

მთავრობაში სულ სამი მინისტრი იცვლება: ინფრასტრუქტურისა და რეგიონული მართვის მინისტრად წარდგენილია რამაზ ნიკოლაიშვილი, საგზაო დეპარტამენტის ყოფილი უფროსი; ახალგაზრდობისა და სპორტის ახალ სამინისტროში წარდგენილია ლადო ვარძელაშვილი, შიდა ქართლში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად ვერა ქობალია, არასამთავრობო ორგანიზაციის „კოალიცია სამართლიანობისთვის“ ხელმძღვანელი, რომელიც ბოლო რამდენიმე თვეა დაბრუნდა კანადიდან საქართველოში საცხოვრებლად.

This post is also available in: English

Back to top button