ახალი ამბები

ობამას და მედვედევის თქმით, საქართველოზე უთანხმოება რჩება

აშშ–სა და რუსეთს უთანხმოება აქვთ საქართველოზე და ეს საკითხი განიხილებოდა რუსეთის პრეზიდენტთან დიმიტრი მედვედევთან შეხვედრაზე, განაცხადა აშშ–ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ 24 ივნისს.

“ჩვენ ორ ქვეყანას შორის გრძელდება უთანხმოება გარკვეულ საკითხებზე, როგორიცაა საქართველო და ჩვენ შევეხეთ ამ განსხვავებებს გულწრფელად,“– განაცხადა მან რუს კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ვაშინგტონში.

“თუმცა, იმ სფეროებში წინსვლით, სადაც ჩვენ ნამდვილად ვთანხმდებით, წარმატებას ვაღწევთ ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვაშიც, რომელიც ხელს უწყობს რეგიონალურ და გლობალურ უსაფრთხოებას. ეს ასევე მოიცავს, მე ვიტყოდი, დამოკიდებულების შეცვლას რუს ხალხში, რომელთაც დღეს ბევრად უფრო უკეთესი შეხედულება აქვთ ამერიკის შეერთებული შტატებზე, და რაც, თავის მხრივ მეტ სივრცეს ქმნის დამატებითი პარტნიორობისთვის,“ – დასძინა პრეზიდენტმა ობამამ.

პრეზიდენტმა მედვედევმა იმავე პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ საქართველოს საკითხი ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში იქნა განხილული.

“ჩვენ გვჯერა, რომ ვიზიარებთ საერთო ხედვას იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპას უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების სისტემა,“ – განაცხადა მედვედევმა, "ჩვენ გვაქვს გარკვეული უთანხმოებები – და ბატონმა პრეზიდენტმა აღნიშნა ეს – მაგალითად, იმ კონფლიქტის შედეგებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ იყო ინიცირებული 2008 წელს“.

"მაგრამ ეს განსხვავებები ხელს არ გვიშლის განვიხილოთ მომავალი და დავიწყოთ კონტაქტების ახალი მექანიზმები,“– განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

10–გვერდიანი ფაქტების ქრონიკაში, რომელიც თეთრმა სახლმა 24 ივნისს გამოაქვეყნა და რომელიც პრეზიდენტ ობამას მიერ რუსეთთან ურთიერთობების „გადატვირთვის“ შესახებ ინფორმაციას შეიცავს, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოზეც არის საუბარი.

“ობამას ადმინისტრაცია განაგრძობს სერიოზული უთანხმოების ქონას რუსეთის მთავრობასთან საქართველოსთან დაკავშირებით. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს დაასრულოს საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, ოკუპაცია და პარალელურად ვმუშაობთ რუსეთის მთავრობასთან, რათა აღიკვეთოს შემდგომი სამხედრო ესკალაცია რეგიონში,“– ნათქვამია განცხადებაში.

"ჩვენ მოწმენი გავხდით ნდობის აღდგენისკენ მიმართული აქტიური ღონისძიებებისა, ისეთის, როგორიცაა საზღვრის გახსნა ზემო ლარსზე და პირდაპირი ჩარტერული ფრენების დაშვება ორ ქვეყანას შორის. ჩვენ ვაგრძელებთ ზეწოლას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების გასაძლიერებლად და საერთაშორისო დამკვირვებლების დასაბრუნებლად საქართველოს ორ ოკუპირებულ ტერიტორიებზე,“ – აცხადებს თეთრი სახლი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button