შამბა სემნების პოსტის შესაძლო გაუქმებაზე საუბრობს
სეპარატისტული აფხაზეთის პრემიერ–მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის წარმომადგენლობის შესაძლო გაუქმება, რაზეც ამჟამად მიმდინარეობს შიდა დისკუსიები ევროკავშირში, შეზღუდავს სოხუმის კონტაქტებს ბრიუსელთან.
"ეს სტრუქტურა შესაძლებლობას გვაძლევდა გამოგვეყენებინა მისი საშუამავლო შესაძლებლობები,“– განუცხადა შამბამ „აფსნიპრესს“ 24 ივნისს, "თუ ის აღარ იქნება, და ჩვენ შემოგვთავაზებენ კონტაქტი ვიქონიოთ წარმომადგენლობასთან თბილისში, ჩვენ უარით ვუპასუხებთ, რადგანაც უკვე არაერთხელ გაგვიცხადებია უარი ვითანამშრომლოთ თბილისში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლებთან“.
“იმ სიტუაციაში, როცა აფხაზეთში არ არის ევროკავშირის წარმომადგენლობა, ჩვენ შეგვიძლია ვიკონტაქტოთ პირდაპირ ბრიუსელთან ან სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის რეგიონალურ ოფისთან, მაგრამ არა წარმომადგენლობასთან საქართველოში,“– აღნიშნა მან.
სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის პოსტი შვედ დიპლომატს პიტერ სემნებს 2006 წლის თებერვლიდან უკავია და მისი მანდატი 31 აგვისტომდეა გაგრძელებული იმ დათქმით, რომ ის შეიძლება მანამდეც შეწყდეს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის, კეტრინ ეშტონის რეკომენდაციით, თუ ძალაში შევა გადაწყვეტილება ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბების შესახებ.
კეტრინ ეშტონი სამხრეთ კავკასიაში და მოლდოვაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლების პოსტების გაუქმების წინადადებით მიმდინარე სტრუქტურული რეორგანიზაციის ფარგლებში გამოვიდა, თუმცა ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
21 ივნისს პიტერ სემნებიმ, რომელიც საკმაოდ დიდ დროს ატარებს რეგიონში და მათ შორის ხშირად სტუმრობს სეპარატისტულ აფხაზეთსაც, რადიო „თავისუფლების“ ერევნის ბიუროს განუცხადა, რომ მას არ სურს კომენტარი გააკეთოს "მიმდინარე დისკუსიებზე, თუ როგორ სახეს მიიღებს ევროპის მომავალი დიპლომატიური წარმომადგენლობა“.
თბილისი სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის წარმომადგენლობის საქმიანობას "ნაყოფიერად“ აფასებს და მის გაგრძელებას იმედოვნებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)