ახალი ამბები

თბილისის ახალმა საკრებულომ პირველი სხდომა გამართა

დღეს თბილისის საკრებულოს ახალი შემადგენლობა, სადაც 30 მაისის არჩევნების შედეგად 39 მანდატი მმართველი პარტიის, ხოლო დანარჩენი 11 ოპოზიციის წარმომადგენლებს ერგოთ, პირველად შეიკრიბა.

პირველივე სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარედ ხელახლა იქნა არჩეული ზაალ სამადაშვილი, ხოლო მისი მოადგილე, თბილისის ყოფილი ვიცე–მერი მამუკა ახვლედიანი გახდა უმრავლესობის მხარდაჭერით.

საკრებულოს სხდომის დაწყებამდე, არჩეულ დეპუტატებს სიტყვით თბილისის მერმა გიგი უგულავამ მიმართა. მისი თქმით, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების მიღების შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარეს კიდევ ორი ახალი მოადგილე ეყოლება ოპოზიციური კვოტით.

ეს ინიციატივა ანალოგიურია პარლამენტში განხორციელებული სტრუქტურული რეფორმისა, როცა 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელმაც სადეპუტატო მანდატებზე უარი არ თქვა, ვიცე–სპიკერის ორი თანამდებობა მისცეს. 

იმავდროულად, ოპოზიციას საკრებულოში ორი კომისიის თავმჯდომარეობა დაუთმეს.  ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ ვიქტორ დოლიძე იქნა არჩეული, რომელიც ირაკლი ალასანიას პარტიას ჩვენი საქართველო – თავისუფალ დემოკრატებს წარმოადგენს ახალ საკრებულოში; ხოლო ძველი თბილისის რეაბილიტაციის, მშენებლობისა და ურბანიზაციის კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა გიორგი ტყემალაძემ საკრებულოში მრეწველთა ერთადერთმა წარმომადგენელმა დაიკავა.

ჯერ–ჯერობით ცნობილი არ არის სულ რამდენი ოპოზიციური ფრაქცია შეიქმნება საკრებულოში. ფრაქციის შესაქმნელად სულ ცოტა 3 დეპუტატის ერთობაა საჭირო. 

უგულავას თქმით, საკრებულოს უმრავლესობა შეეცდება გაიზიაროს ის "რაციონალური" წინადადებები, რომლებიც ოპოზიციური ძალების წინასაარჩევნო დაპირებებში აისახა ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროებში. თუმცა ყველა საკითხზე შესაძლოა შეთანხმება ვერ შედგეს, აღნიშნა მან.

"მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ჩემი პრიორიტეტი სწორედ… თბილისელებისთვის მიცემული დაპირების შესრულება იქნება. მათ მერად იმისთვის ამირჩიეს, რომ მოვაგვარო დასაქმების, სოციალური და კომუნალური მომსახურების, ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურის და სხვა პრობლემები. შესაბამისად, არავითარ პოლიტიკურ საქმიანობას არ ვგეგმავ,“– განაცხადა უგულავამ და დასძინა, რომ თბილისის მერობა არ არის „ტრამპლინი საკუთარი დასაქმებისთვის“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button