
თავდაცვის მინისტრმა ავღანეთში ქართველი ჯარისკაცები მოინახულა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ ავღანეთში სამშვიდობო მისიით მყოფი ქართველი სამხედროები მოინახულა და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად ქაბულში შეხვდა საერთაშორისო კოალიციური ძალების სარდალს, გენერალმა სტენლი მაკკრისტალს, იტყობინება თავდაცვის უწყება.
ახალაიასთან ერთად ავღანეთში ვიცე–პრემიერი გიორგი ბარამიძე, ნატოში საქართველოს მუდმივმოქმედი წარმომადგენელი გრიგოლ მგალობლიშვილი და თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძეც იმყოფებოდნენ.
ქართული დელეგაცია ასევე სტუმრობდა ჰელმანდის პროვინციასაც, სადაც ქართველი სამხედროები აშშ-ის სამხედრო ძალების მხარდაჭერით ოპერაციებს ახორციელებენ.
“ჩვენი აქ ჩამოსვლის მიზანი იყო გვენახა როგორ პირობებში იმყოფებიან ჩვენი შეიარაღებული ძალების ნაწილები, რომლებიც ავღანეთშია განლაგებული. ახლა მიმდინარეობს მათ მიერ, მისიის ძირითადი ფუნქციების საკუთარ თავზე აღების პროცესი და როგორც ამერიკელმა გენერლებმა გვითხრეს, ისინი ძალიან კმაყოფილები არიან ჩვენი შეიარაღებული ძალებით,“– განაცხადა ახალაიამ.
ამ დროისთვის სამშვიდობო მისიის ფარგლებში ავღანეთში სულ 926 ქართველი მსახურობს. ბატალიონი ჰელმანდის პროვინციაშია განლაგებული, ხოლო ერთი ასეული (175 სამხედრო) ფრანგული სარდლობის ქვეშ ქაბულში მსახურობს, სადაც მათი როტაცია ექვსთვიანი სამსახურის შემდეგ მაისში განხორციელდა.