ახალი ამბები

ვაშაძე იანუკოვიჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე 11 ივნისს, კიევში უკრაინის პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს შეხვდა, თავისი "სამუშაო“ ვიზიტის ფარგლებში, იტყობინება უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური.

ეს საქართველოს მაღალი რანგის ოფიციალური პირის პირველი შეხვედრა იყო ვიქტორ იანუკოვიჩთან მისი პრეზიდენტად არჩევის შემდეგ.

უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ვიქტორ იანუკოვიჩმა აღნიშნა, რომ უკრაინა მზადაა კვლავაც გააგრძელოს სავაჭრო–ეკონომიკური თანამშრომლობა საქართველოსთან, რომლის ამჟამინდელი დინამიკაც, მისი შეფასებით, არ შეესაბამება არსებულ პოტენციალს.

“უახლოეს ხანებში უნდა შეიქმნას ჩვენი სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურების პროექტი, რომელიც ხელსაყრელი იქნება უკრაინისთვისაც და საქართველოსთვისაც,“– განაცხადა იანუკოვიჩმა, "ჩვენ დარწმუნებული ვართ: ჩვენი სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობა ძალიან პერსპექტიულია და ქმნის პირობებს ტვირთბრუნვის გაზრდისთვის უკრაინასა და საქართველოს შორის“. 

"საქსტატის" მონაცემებით, უკრაინა საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის 2010 წლის პირველი კვარტლის შედეგებით კვლავაც მესამე ადგილზეა 127 მლნ აშშ დოლარით, რაც ნაკლებია 2009 წლის (502.3 მლნ აშშ დოლარი) და 2008 წლის (791.8 მლნ აშშ დოლარი) მონაცემებთან შედარებით.

პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა, იმედი გამოთქვა, რომ უკრაინელი და ქართველი ხალხის ტრადიციული მეგობრული ურთიერთობები ამგვარი საქმიანობის ეფექტურ განხორციელებას შეუწყობს ხელს.

გრიგოლ ვაშაძემ, რომელიც კიევში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდა თავის უკრაინელ კოლეგას, განაცხადა, რომ "ურთიერთობები გაგრძელდება და საჭიროა გადატანილი იყოს ახალ ფაზაზე“.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button