ახალი ამბები

სააკაშვილი: “ახლა ჩვენ გვაქვს სიმშვიდის, სტაბილურობის და განვითარების პერიოდი”

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ 30 მაისის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საქართველოში დადგა "სიმშვიდის, სტაბილურობის და განვითარების პერიოდი".

მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, სადაც მისი გამოსვლა პირდაპირი სატელევიზიო ეთერით გადაიცემოდა, განაცხადა, რომ უახლოესი არჩევნები მომდევნო ორი წლის განმავლობაში აღარ გაიმართება. მორიგი საპარლამენტო არჩევნები 2012 წელს უწევს.

”უახლოესი არჩევნები მინიმუმ ორი წელი აღარ იქნება თუ უფრო მეტი არა, არ ვიცი კონსტიტუცია ზუსტად როგორ ჩამოყალიბდება,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს მრავალი თვე და მინიმუმ ეს წელიწადი მნიშვნელოვანი რეფორმებისთვის და ამავე დროს გაგრძელებისთვის იმისა, რაც აქამდე კეთდებოდა”.

მისი თქმით, მთავარი გზავნილი არის ის, რომ ”ჩვენ არ ვართ არჩევნების და წინასაარჩევნო კამპანიის მთავრობა”, არამედ ”აღმშენებლობის და ქვეყნის განვითარების”.

სააკაშვილის განცხადებით, მას შემდეგ რაც თვითმმართველობის არჩევნებმა ჩაიარა ”ძალიან მაღალ დონეზე”, ახლა ინვესტორების მეტი ნდობის მოპოვების და ეკონომიკური მომავლის ოპტიმისტური ხედვის პირობები გაჩნდა.

”ინვესტორებს დაუბრუნდათ რწმენა, რომ საქართველოს აქვს მომავალი, რომ სხვადასხვა სცენარები არეულობების, აშლილობის, რომელიც მაინცდამაინც არ სჯეროდათ, მაგრამ გუნებაში სადღაც იყო, იმიტომ რომ ვიღაცეები ამას მაინც ამბობდნენ, ეს პრაქტიკულად ახლა არის დარჩენილი უკან,”- განაცხადა მან.

სააკაშვილმა ასევე მოუწოდა მთავრობისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მეტი კოორდინაციისკენ.

”თუ მთავრობა და თვითმმართველობა არ მუშაობს კარგად, ამითი ხალხი და საზოგადოება არ მოიგებს,”- განაცხადა მან, ”ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველამ ამ რთულ პერიოდში, გარდამავალ პერიოდში ვაჩვენოთ კოორდინირებული მწყობრი მუშაობა”.

მისი თქმით, მინისტრთა კაბინეტის მაგიდასთან უნდა გამოიყოს ადგილები თბილისის ახლად არჩეული მერის, გიგი უგულავასთვის და აჭარის მთავრობის ხელმძღვანელისთვის, ლევან ვარშალომიძისთვის.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მომდევნო ორი თვის განმავლობაში მთავრობასა და პარლამენტს ინტენსიური მუშაობა მოუწევთ, მათ შორის ახალ საგადასახადო კოდექსზე და ეკონომიკური თავისუფლების აქტის მისაღებად.

ფინანსთან სამინისტრომ მოამზადა ახალი საგადასახადო კოდექსის ძირითადი პრინციპები, რომელიც, ფინანსთა მინისტრის კახა ბაინდურაშვილის განცხადებით, მოქმედ კანონმდებლობას 98%-ით ცვლის.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალ დოკუმენტში მსხვილი ბიზნესის გარდა, გათვალისწინებულია მცირე ბიზნესის ინტერესები, ასევე სხვა ცვლილებებთან ერთად მარტივდება საგადასახადო დეკლარირების პროცედურები და  შემოდის საგადასახადო ომბუდსმენის ინსტიტუტი. ცვლილებები სამართლებრივ სახეს მას შემდეგ მიიღებს, რაც დასრულდება საჯარო განხილვები არასამთავრობო სექტორისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button