ახალი ამბები

უგულავა დიდი უპირატესობით ლიდერობს

თბილისში ხმების უმეტესობის დათვლის შედეგად, თბილისის მოქმედი მერი გიგი უგულავა დიდი უპირატესობით ლიდერობს ხმების 54%-ით.

მას მოყვება ალიანსი საქართველოსთვის ლიდერი ირაკლი ალასანია ხმების, დაახლოებით, 20%-ით.

ადგილობრივი არჩევნების მეორე დღეს უგულავას საარჩევნო კამპანიის პლაკატები ახლით შეიცვალა, სადაც წერია: ”გმადლობთ, თბილისელებო მხარდაჭერისთვის”.

უგულავამ, რომელიც 2005 წლის ივლისიდან თბილისის მერია, ბევრად მეტი ხმა მიიღო თბილისში, ვიდრე პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების დროს. მიხეილ სააკაშვილმა მართალია ქვეყნის მასშტაბით ორი წლის წინ მოიგო არჩევნებში, დედაქალაქში მან არჩევნები თავის მთავარ მეტოქესთან ლევან გაჩეჩილაძესთან წააგო და ხმების მხოლოდ 32.5% დააგროვა.

ნაციონალური მოძრაობა ასევე ლიდერობს პროპორციულ არჩევნებში როგორც თბილისში, ისე ქვეყნის მასშტაბით.

თბილისის საკრებულოს არჩევნებისთვის ხმების ნახევარზე მეტის დათვლის შედეგად ნაციონალური მოძრაობა არჩევნებში დაახლოებით 50.5%-ით ლიდერობს. მას მოყვება ალიანსი საქართველოსთვის – 18.5%-ით და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა – 12.5%-ით.

ეროვნულმა საბჭომ თბილისში 9% მიიღო. 4%-იან ბარიერს, რომელიც თბილისის საკრებულოს პროპორციული მანდატების მოპოვებისთვისაა საჭირო, ასევე გადალახავს მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს.

თბილისის ახალ, 50-წევრიან საკრებულოში, 25 ადგილს პროპორციული სიით გასული, ხოლო 25 ადგილს მაჟორიტარი კანდიდატები დაიკავებენ. მაჟორიტარული არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგები არ არის საკმარისად სრულყოფილი იმისათვის, რომ რაიმე პროგნოზი გაკეთდეს, თუ როგორ გადანაწილდება ადგილები ახალ საკრებულოში. თუმცა, სავარაუდოდ, ადგილების უმრავლესობას თბილისში და ქვეყნის მასშტაბით არსებულ დანარჩენ 63 საკრებულოში მმართველი პარტია დაიკავებს.

მსგავსი/Related

Back to top button