
წინასწარი შედეგებით, უგულავა დიდი უპირატესობით ლიდერობს
დედაქალაქის, დაახლოებით, 58% საარჩევნო უბნიდან მიღებული ხმების დათვლის ოქმების შედეგად თბილისის მოქმედი მერი გიგი უგულავა დიდი უპირატესობით ლიდერობს.
უგულავას, რომელიც 53.3%-ით ლიდერობს, მოყვება ალიანსი საქართველოსთვის ლიდერი ირაკლი ალასანია ხმების 19%-ით.
ნაციონალური მოძრაობა დაახლოებით 51%-ით ლიდერობს თბილისის საკრებულოს პროპორციულ არჩევნებში. მას მოსდევს ალიანსი საქართველოსთვის – 17%-ით; ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა – 13%-ით;
წინასწარი მონაცემებით, ეროვნულმა საბჭომ 9% მიიღო. არსებული მონაცემებით, 4%-იან ბარიერს, რომელიც თბილისის საკრებულოს პროპორციული მანდატების მოპოვებისთვისაა საჭირო, ასევე გადალახავს მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს, რომელსაც წინასწარი მონაცემებით, ხმათა 6.6% აქვს.
თბილისის ახალ, 50-წევრიან საკრებულოში, 25 ადგილს მაჟორიტარი კანდიდატები დაიკავებენ.
რაც შეეხება შუალედურ არჩევნებს, რომელიც პარლამენტში სამი ვაკანტური მაჟორიტარული ადგილის შესავსებად ასევე 30 მაისს გაიმართა, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, დიდი უპირატესობით ლიდერობენ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები: ჩუღურეთში – ანდრო ალავიძე; გარჯაანში – გიორგი ჩივიაშვილი; და ოზურგეთში გოჩა სვანიძე. მათი კონკურენტები ძირითადად საპარლამენტო უმცირესობის პარტიების კანდიდატები იყვნენ.