
სააკაშვილმა უგულავას გამარჯვება მიულოცა
პრეზიდენტმა სააკაშვილმა მმართველი პარტიის მერობის კანდიდატს და მოქმედ მერს გიგი უგულავას წარმატება მიულოცა დღევანდელ არჩევნებში, რომელიც მისი შეფასებით, ”დემოკრატიის მორიგი გამარჯვებაა”.
მისი თქმით, არჩევნებმა აჩვენა, რომ უკანასკნელი საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ”ჩვენ კიდევ გვაქვს ჩვენი ხალხის ნდობა და მხარდაჭერა”.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა ეს განცხადება გიგი უგულავას და ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბში საარჩევნო უბნების დახურვიდან 40 წუთში და ეგზით პოლების წინასწარი შედეგების გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში მხარდამჭერებთან შეხვედრისას გააკეთა.
ქვემოთ მოცემულია პრეზიდენტის გამოსვლის ტექტი:
”საქართველოში დემოკრატიამ მორიგი გამარჯვება მოიპოვა. თქვენ იცით, რომ ამ არჩევნებს უყურებდნენ ძალიან ინტენსიურად ჩვენი მეგობრები, ჩვენი მტრებიც, მაგრამ ყველაფერი არის მეორეხარისხოვანი ჩვენს ხალხთან შედარებით.
ჩვენმა ხალხმა გამოიჩინა საოცარი მოწიფულობა, არ დაუტოვა არგუმენტი იმათაც, ვინც იძახოდა, რომ ხალხი არ მოდის არჩევნებზე, თორემ ეს შედეგი დადგებოდა. იყო რეკორდულად მაღალი გამოცხადება, მითუმეტეს ძალიან კარგად მომუშავე საარჩევნო კომისიის პირობებში, დაზუსტებული სიების პირობებში. იყო საოცარი აქტიურობა ხალხის.
მე მინდა, პირველ რიგში თქვენი სახელით, ყველა ადამიანს – ჩვენ მივესალმებით, რა თქმა უნდა, პარტიებსაც, კანდიდატებსაც, მივესალმები დღევანდელ კანდიდატს, მაგრამ მთავარი მადლობა ჩვენგან და დარწმუნებული ვარ დანარჩენი პოლიტიკური სუბიექტებისგან ეკუთვნის მხოლოდ ერთადერთ მოქმედ პირს საქართველოში, რომელიც წყვეტს ყველაფერს – მრავალეთნიკურ ჩვენს საზოგადოებას, ქართველ ხალხს.
და თუ შევხედავთ შედეგებს, აქ არის ორი შედეგი: ჯერ ერთი, ნამდვილად საბოლოო შედეგი არ არსებობს, მაგრამ თქვენ იცით, რომ წინასწარი ე.წ. ეგზით პოლები და მათ შორის ჩვენი პოლიტიკური გამოცდილება, ალღო და ინტუიცია გვეუბნება, რომ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც გიგი და ჩვენ ყველანი აქ წარმოვადგენთ, დაუჭირა მხარი იმდენივე რაოდენობის ამომრჩეველმა, დაახლოებით, რაც იყო 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და იყო 4 წლის წინანდელ ადგილობრივ არჩევნებზე – ე.ი ჩვენ არ ჩამოვვარდნილვართ, და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ე.ი ჩვენ კიდევ გვაქვს ჩვენი ხალხის ნდობა და მხარდაჭერა და გილოცავთ ამას თითოეულ თქვენთაგანს.
მაგრამ თუ გიგის შემთხვევაში, 4 წლის წინ ეს მხარდაჭერა ეფუძნებოდა იმედს იმისა, თუ რას გააკეთებდა მაშინდელი თბილისის მერი, ეს ეფუძნება უკვე იმას, რაც გაკეთდა და ე.ი. 10-ჯერ უფრო მეტი იმაზე რაც უნდა გაკეთდეს საქართველოში.
ამიტომ ეს არის მოსალოციც და ამავე დროს, ეს არის ძალიან მძიმე შრომა, რომელიც თითოეულ ჩვენთაგან აქვს წინ.
და მე მინდა ვთქვა, რომ მთელ საქართველოში არის ასეთი შედეგები. მთელი საქართველო იყო აქტიური, მთელ საქართველოში, მათ შორის ჩვენი ორგანიზაციისთვის – იმედი გვაქვს საბოლოო გამოკვლევების შედეგად, ამას დათვლა უნდა კარგად და ყურადღებით, ძალიან გამჭირვალე ვითარებაში – მაგრამ დადგება ის შედეგი, რისი იმედიც ჩვენ გვქონდა.
და როცა ვლაპარაკობ დემოკრატიის გამარჯვებაზე, დემოკრატიის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა და მე ნამდვილად არც უფლება მაქვს იურიდიული და არც სწორია ეს, და არც კორექტული არ არის ამომრჩევლების მიმართ, ამიტომ საბოლოო შედეგს ვერ გამოვაცხადებ.
მაგრამ ერთი რამ მინდა გითხრათ: დიდი მადლობა ყველა პოლიტიკურ პარტიას თითქმის. ცალკეული გამონაკლისების გარდა, ყველამ გამოავლინა საოცარი მოწიფულობა იმასთან შედარებით, რაც გვქონდა. ჩვენ კიდევ შორს ვართ იმისგან, რაც უნდა იყოს ნამდვილი პოლიტიკურ ცხოვრება, ნამდვილი კორექტულობა, ნამდვილი აზრთა ჭიდილი, ნამდვილი საარჩევნო კამპანიები, როგორც უნდა იყოს განვითარებულ ევროპულ ქვეყანაში, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ, მაგრამ ნამდვილად წინ გადაიდგა ნაბიჯი ამ მიმართულებით.
ნამდვილად კონკრეტული საუბარი, ბევრად უფრო საგნობრივი, შედარებით ნაკლები ლანძღვა, პრეზიდენტის ლანძღვაც კი – ლამის მიტოვებულად ვიგრძენი თავი – ეს არის კარგი ,რა თქმა უნდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს არის მოწიფულობა პოლიტიკური სისტემის, მეტი პატივისცემა საკუთარი ამომრჩევლის, რომ ელაპარაკო მას იმ თემაზე, რაც მას აინტერესებს და არა იმაზე, რაც შენ გინდა, რომ თავზე მოახვიო.
და ამ მხრივ იმედი გვაქვს, რომ ჩვენ ვიყავით ყველაზე კარგ ადგილზე.
მე ნამდვილად 4 წლის წინ მქონდა პრივილეგია წარმედგინა მე-19 საუკუნის შემდეგ, როცა საქართველო არ იყო დამოუკიდებელი, თბილისის პირველი არჩეული მერი – აქამდეც თბილისში მერი არჩეული იყო, გიგი აირჩიეს, როგორც საკრებულოს არჩეული მერი, და დღეს იმედი გვაქვს, რომ დათვლის შემდეგ გვექნება პრივილეგია, რომ პირველად წარვადგინოთ და საქართველოს დედაქალაქს ჰყავდეს პირველად ისტორიაში არჩეული მერი, თან ხალხის მაგარი მხარდაჭერით.
მე მინდა ვთქვა, რომ გიგიმ ჩაატარა ბრწყინვალე კამპანია. აქ საკრებულოს წევრობის კანდიდატებთან ერთად ისე როგორც ჩვენს აქტივისტებთან ერთად, უამრავ ჩვეულებრივ ხალხთან ერთად, ვინც უმეტეს შემთხვევაში ყოველგვარი მატერიალური ანაზღაურების გარეშე… უბრალოდ თავისი შიდა მრწამსიდან გამომდინარე დღე და ღამე დადიოდა, იბრძოდა, უხსნიდა ხალხს, ელაპარაკებოდა იმაზე, რაც არის და რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის სული და გული და მამოძრავებელი ძალა იყო თვითონ გიგი და მისი პიროვნება.
მაგრამ კამპანია იქით იყოს, მთავარი რაც გაკეთდა ბოლო 4 წელიწადში, არასოდეს და ჩვენ ამას ყოველთვის ვიძახოდით და ახლაც ვიმეორებთ, არცერთ ცალკე აღებულ პერიოდში საქართველოს ისტორიის, საქართველოს დედაქალაქში, ყველა სოფელში, ყველა ქალაქში, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა, არ გაკეთებულა ამდენი, რამდენიც გაკეთდა ბოლო 4 წელიწადში.
ეს გაკეთდა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი ხალხია ასეთი მაგარი, მაგრამ ასევე იმის გამოც, რომ ეს კაცი [უგულავა] და ჩვენ ყველანი, ვინც ვიდექით მის გვერდით, ამას ვაკეთებდით.
ჩვენი ძალა არის ერთობაში. ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი ერთობით, ჩვენი მთავარ ამოცანის ყველანაირ პიროვნულზე უფრო მაღლა დაყენებით დამტკიცება იმისა, რომ არ არის მართალი მტერი, რომ საქართველოს ყოველთვის დააქუცმაცებს, ციხე ყოველთვის შიგნიდან ტყდება, ყოველთვის შეიძლება ვიღაცა იპოვო შიგნიდან, ვინც საქართველოს ჩამოშლის. პირიქით, ჩვენ ვაჩვენეთ ერთად, რომ ერთობით საქართველო აშენდება და ჩვენ ამ შენებას მივიყვანთ ბოლომდე.
ამიტომ დღეს მე არა მაქვს საარჩევნო კომისიის უფლება – ჯერ არც წვერი გამიზრდია და არც ისეთი მომხიბლავი პრესმდივანი მყავს, როგორც ჩვენს საარჩევნო კომისიას და მის თავმჯდომარეს – ამიტომ მხოლოდ როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, რომელსაც არც კი აქვს თეორიულად ბევრი უფლება, რომ ჩაერიოს, მითუმეტეს ადგილობრივ ხელისუფლების საქმიანობაში, ასეთი მწარე რამ არის დემოკრატია, მაგრამ მინდა ამ გადმოსახედიდან წარგიდგინოთ ბრწყინვალე თბილისელი, ნამდვილი პატრიოტი და ძალიან ქმედითი ადამიანი, ჩემი ძალიან ახლო მეგობარი გიგი უგულავა”.
This post is also available in: English Русский