ახალი ამბები

პოლიციელებს სპეცუბნებზე მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება შეეზღუდათ

პოლიციელებს, როლებიც სპეცუბნებზე აძლევენ ხმას, აღარ ექნებათ უფლება საკრებულოების მაჟორიტარულ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა; ისინი ხმას მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარებულ და ასევე თბილისში მერის არჩევნებში მისცემენ.

შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ 30 მაისს გამთენიისას მიიღო დააკმაყოფილა რა ქრისტიან-დემოკრატების სარჩელი, იტყობინება ცესკო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, იგი ”არ იზიარებს ამ თემის პოლიტიზირების მცდელობას და მიიჩნევს, რომ პოლიციელებს არ უნდა ჩამოერთვათ საკრებულოთა მაჟორიტარი კანდიდატების არჩევის კონსტიტუციით მინიჭებული უფლება”, თუმცა  ”საკითხით ნებისმიერი სპეკულირების თავიდან არიდების მიზნით” სამინისტრო არ დაუპირისპირდა ამ სარჩელს.

პოლიციელებისაგან განსხვავებით, მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება შეინარჩუნეს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებმა, რომლებსაც არანაკლებ ერთწლიანი კონტრაქტი გააჩნიათ და ხმას სპეციალურ უბნებზე აძლევენ.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, გასამხედროებული პირები, რომლებიც კენჭისყრის დღეს განთავსებული არიან ”შესაბამის დისლოკაციის ადგილზე, არჩევნების დღისთვის მუდმივი წესით 1 წლით ან 1 წელზე მეტი ვადით, მონაწილეობენ როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში”.

ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა პრეტენზიები გამოთქვეს ცესკო-ს მიერ ამ მუხლის იმგვარი ინტეპრეტაციის გამო, რაც შესაძლებლობას აძლევს მათ, ვისაც სპეციალური სიების შედგენამდე თუნდაც ერთი დღით ადრე გაუფორმდათ ერთწლიანი ან მეტი ვადით კონტრაქტი, მონაწილეობა მიიღონ მაჟორიტარულ არჩევნებში.  ამ ორგანიზაციების შეფასებით, მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება უნდა ჰქონოდათ მხოლოდ იმ გასამხედროებულ პირებს, ვისაც საარჩევნო დღისთვის შესაბამის ოლქში უკვე ნამსახურები ექნებოდათ ერთი წელი ან მეტი.

”ხელისუფლებას კვლავ აქვს იმის პოტენციური შესაძლებლობა, რომ ცალკეულ საარჩევნო ოლქებში სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე მიზანმიმართულად გაზარდოს და ამ გზით არჩევნების შედეგების თავის სასარგებლოდ შეცვლას შეეცადოს,”- განაცხადეს დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა სამართლიანმა არჩევნებმა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველომ 27 მაისს.

Back to top button