skip to content
ახალი ამბები

მმართველი პარტია, ქრისტიან-დემოკრატები მხარდამჭერების საარჩევნო უბნებამდე ტრანსპორტირებას აპირებენ

ნაციონალური მოძრაობა და ქრისტიან-დემოკრატები აცხადებენ, რომ 30 მაისის ადგილობრივ არჩევნებზე საკუთარი მხარდამჭერების საარჩევნო უბნებში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფენ.

ნაციონალური მოძრაობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სულ მთელი საქართველოს მასშტაბით პარტიამ ამ მიზნით 1 164 სატრანსპორტო საშუალება დაიქირავა, მათ შორის დედაქალაქში 85 ერთეული.

”30 მაისს საარჩევნო უბნებში ჩვენი მხარდამჭერების მიყვანის მიზნით გამოყენებული იქნება სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა დაფინანსება ხდება ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო ფონდიდან,”- განაცხადა დღეს, ბრიფინგზე დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან პავლე კუბლაშვილმა.

ქრისტიან-დემოკრატების განცხადებით, 30 მაისს დიდ ქალაქებში, მათ შორის თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში, მათ მიერ დაქირავებული მიკროავტუბუსები უზრუნველყოფენ მხარდამჭერების საარჩევნო უბნებამდე მიყვანას.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის და პარლამენტის ვიცე-სპიკერის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ეს ”ძალიან სწორი ნაბიჯია” და უზრუნველყოფს საარჩევნო ”აქტივობის აწევას”.

კანონმდებლობის მიხედვით, საარჩევნო უბნები მინიმუმ 20-ს და მაქსიმუმ 1 500 ამომრჩეველს მოიცავს და ისინი მოსახლეობის საცხოვრებელი ადგილებიდან ახლოსაა განლაგებული.

მსგავსი პრაქტიკა მმართველმა პარტიამ 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნბის დროსაც გამოიყენა. მაშინ ოპოზიციამ ნაციონალური მოძრაობა ამ გზით ე.წ. ”კარუსელის” ორგანიზებაში დაადანაშაულა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button