ახალი ამბები

ტელეკომპანია ”მაესტროს” განახლებული ეთერი

ტელეკომპანია ”მაესტრომ” 27 მაისს განახლებული სტუდიით და ახალი პროგრამებით დაიწყო სატელიტური მაუწყებლობა.

განახლებული პროგრამები მოიცავს საინფორმაციო გამოშვებებს და რამოდენიმე ყოველდღიურ პოლიტიკურ თოქ-შოუს.

წლის დასაწყისში ”მაესტრომ” ოფისიც გამოიცვალა გაფართოების მიზნით და ახლა მისი მაუწყებლობა სატელიტური ანტენების მფლობელთათვის ქვეყნის მასშტაბითაა ხელმისაწვდომი.

ტელეკომპანიამ, რომელიც მანამდე ძირითადად თბილისში მაუწყებლობდა საკაბელო არხების მეშვეობით, სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან 2009 წლის ივლისში მიიღო. თუმცა, ამ დრომდე ტელეარხი სატელიტურ მაუწყებლობას ვერ იწყებდა, რის მიზეზადაც ფინანსურ პრობლემებს ასახელებდა. 

2009 წლის ნოემბერში ”მაესტროს” მფლობელებმა ტელეკომპანიის მართვის უფლება ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის თანადამფუძნებელს და ყოფილ თანამფლობელს  ეროსი კიწმარიშვილს გადასცეს. კიწმარიშვილი 2008 წელს დაახლოებით 6 თვის მანძილზე საქართველოს ელჩი იყო რუსეთში. პრეზიდენტ სააკაშვილთან ურთიერთობები მან აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა და პრეზიდენტი ომის დაწყებაში დაადანაშაულა.

ერთ-ერთ ახალ თოქ-შოუში, რომელიც ჟურნალისტ ეკა ბერიძის ავტორობით 27 მაისს გავიდა, ”მაესტროს” პარიზიდან თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილის ჩაერთო. ოქრუაშვილი საფრანგეთში 2007 წლის ნოემბრიდან ცხოვრობს, სადაც მას პოლიტიკური თავშესაფარი აქვს მინიჭებული. მას 2008 წლის მარტში სასამართლომ 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა დაუსწრებლად.

ინტერვიუს დროს ოქრუაშვილმა, პრეზიდენტ სააკაშვილის გაკრიტიკების გარდა, ოპოზიციაც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ოპოზიციას სტრატეგია არ გააჩნია. თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ იმ პარტიებს და პოლიტიკოსებს შორის, რომლებიც 30 მაისის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობენ, ეროვნული საბჭო და კერძოდ, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ზურაბ ნოღაიდელი ”სიტუაციას ყველაზე პრაგმატულად უყურებს.”

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button