
სააკაშვილი: ყოველთვის დავიცავთ სამშობლოს იარაღით, მაგრამ გავიმარჯვებთ მხოლოდ მშვიდობით
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყნის ”იარაღით ხელში” დასაცავად და თავგანწირვისთვის ”ყველანი უნდა ვიყოთ მზად”, რადგან ”ჩვენ საქმეს არავინ გააკეთებს და არავინ არ გაანძრევს ხელს”.
ეს განცხადება სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა მიხეილ სააკაშვილმა 26 მაისს, გმირთა მოედანზე, საქართველოსთვის დაღუპულთა მემორიალის გახსნის ცერემონიაზე გააკეთა. ლითონისა და შუშის კონსტრუქციის მემორიალზე ამოტვიფრულია იმ ადამიანების გვარები, ვინც 1921 წლიდან მოყოლებული საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას შეეწირა.
”აქ არის 4 ათასამდე ჩვენი ბიჭის სახელი და გვარი. აქ არის ბევრი ცარიელი ადგილი ასევე ამ 51 მეტრიან მონუმენტზე. ეს ცარიელი ადგილები, გარდა იმ გვარებისა, რომელიც ოქროს ასოებით არის გამოსახული, მე ვისურვებდი, რომ ისინი არასოდეს არ შევსებულიყვნენ. მაგრამ ჩვენ ბევრად უფრო მეტი გამოცდილების ერი ვართ და ბევრად უკეთესად ვიცით, რომ სამწუხაროდ, ალბათ ეს ასე არ იქნება,”- განაცხადა სააკაშვილმა.
”ჩვენ ყველანაირად უნდა შევეცადოთ, რომ იქ გვარები არ დაემატოს, მაგრამ თუ გვინდა არსებობდეს საქართველო, ყველანი უნდა ვიყოთ მზად ჩავიცვათ ეს ფორმა [მიუთითა სამხედრო ფორმაზე, რომელიც თავად ეცვა], ყველანი უნდა ვიყოთ მზად გადამწყვეტ მომენტში ავიღოთ ხელში იარაღი და ყველანი უნდა ვიყოთ მზად დავეცეთ ჩვენ მიწაზე და ჩვენი გვარები დაიწეროს ამ მონუმენტის ცარიელ ნაწილებში. ეს არის ჩვენი ქვეყნის გენეტიკური კოდი, ეს არის ჩვენი ისტორიული გამოცდილება და ეს არის ჩვენი მომავლის მთავარი საწინდარი და მთავარი გარანტია,”- აღნიშნა მან.
მისი თქმით, საქართველოს გასაკეთებელს სხვა არავინ არ გააკეთებს.
”თუ ჩვენ თვითონ არა ვართ მზად დავიცვათ და ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენ საქმეს არავინ გააკეთებს და არავინ არ გაანძრევს ხელს. მხოლოდ ის ერები იმსახურებენ პატივისცემას, რომლებიც მზად არიან რომ თავი გაწირონ საკუთარი ქვეყნისთვის. მხოლოდ იმ ერებს ეხმარებიან, ვინც მზად არის, რომ არ შეეპუოს დამპყრობელს და არ დახაროს თავი,”- განაცხადა მან.
”სწორედ ამიტომ არის, რომ დღეს საქართველო, რომელიც გადარჩა და გაძლო, მიუხედავად მისი საუკეთესო ნაწილის ოკუპაციისა, მიუხედავად იმისა, რომ უცხო ქვეყნის ჩექმები თელავენ ჩვენი მიწის საუკეთესო ნაწილს, მაგრამ მსოფლიომ დაინახა, რომ ყველაფრის მიუხედავად, ეს მამაცი და ამაყი ერი, რომელსაც ამხელა ძალა ემუქრება, რომელმაც უამრავი სხვა ერი გატეხა, უამრავი სხვა ქვეყნის კონტროლი ჩაიგდო თავისი ბრუტალური ძალის მეშვეობით, ვერაგობით, ფლიდობით, ორპირობით და პირველ რიგში, ნამდვილი ძველებური მონღოლური დაუნდობლობის მეშვეობით, აი ეს პატარა ერი არ გატყდა ერთადერთი და არ შეეგუა, როგორც სიმბოლო წინააღმდეგობის, თავისუფლების სიყვარულის და წარმატების ასევე, იმიტომ, რომ წარმატება არის, საბოლოო ჯამში, ჩვენი გამარჯვება,”- აღნიშნა მან.
სააკაშვილის თქმით, ”ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ჩვენს სამშობლოს იარაღით ხელში, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ გავიმარჯვებთ მხოლოდ მშვიდობით, განვითარებით და ჩვენი წარმატებით”.
”ჩვენ აღარასდროს დავხრით თავს, ჩვენ აღარასდროს აღარ დავუთმობთ არცერთ პოლიტიკურ ნაბიჯში ჩვენ მოწინააღმდეგეს და ყველანაირი მცდელობის შემდეგ ჩვენ აუცილებლად შევძლებთ ქვეყნის საბოლოოდ გათავისუფლებას და ქვეყნის საბოლოო გამარჯვებას,”- განაცხადა მან თავის გამოსვლის დასასრულს.