
პუტინი: არ ვაპირებთ ჩავერიოთ საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში
რუსეთის პრემიერ-მინისტრის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, საქართველოს ოპოზიციის წარმომადგენლებთან დაწყებული დიალოგი ”კარგი წინაპირობაა” საქართველოსთან ნორმალური ურთიერთობების დასამყარებლად.
ტელეკომპანია ”МИР”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც მის ოფიციალურ ვებ-გვერდზე 22 მაისს გამოქვეყნდა, პუტინმა, როდესაც მას ჰკითხეს ნინო ბურჯანაძესთან და ზურაბ ნოღაიდელთან ბოლო დროს გახშირებული შეხვედრების შესახებ, განაცხადა, რომ რუსეთი ”არანაირად არ აპირებს” ჩაერიოს საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში.
”ის შეხვედრები საქართველოს ამჟამინდელი ოპოზიციის წარმომადგენლებთან მეტყველებს არა იმაზე, რომ ჩვენ გვინდა ჩავერიოთ საქართველოს შიდა საქმეებში, არამედ იმაზე, რომ საქართველოს საზოგადოებრიობა ხვდება – და ჩვენ ეს გვახარებს – რომ საჭიროა, როგორც მინიმუმ, ნორმალური სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობების დამყარება,”- განაცხადა მან.
”ჩვენ ეს გვსურს, და ჩვენ დიალოგი გვაქვს იმ ადამიანებთან, რომლებთანაც სულ ცოტა ხნის წინ საკმაოდ რთული იყო საუბარი,”- განაგრძო მან, ”თქვენ აღნიშნეთ ნინო ბურჯანაძე. ის ხომ პოლიტიკურად ახლოს იყო მოქმედ პრეზიდენტთან [სააკაშვილთან]. და ის, რომ დღეს ჩვენ დიალოგი გამოგვდის საქართველოს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან – ეს კარგი წინაპირობაა იმისთვის, რომ საქართველოსთან ნორმალური სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები დავამყაროთ”.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ქართველებს განიხილავს, როგორც ”მეგობრულ ხალხს” რუსეთის მიმართ, რომელთანაც ”საუკუნეების განმავლობაში ჩამოგვიყალიბდა განსაკუთრებული ურთიერთობები”.
”ეს მართლმადიდებელი ერია, ჩვენთვის სულიერად და ისტორიულად ახლობელი. ის, რაც ბოლო წლებში მოხდა, ეს შედეგია, რბილად რომ ვთქვათ, შეცდომის, რომ აღარ ვთქვათ საქართველოს ახლანდელი ხელმძღვანელობის დანაშაულებრივი პოლიტიკის,”- განაცხადა მან ინტერვიუში.
დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინიო ბურჯანაძე პუტინს მოსკოვში ფაშიზმზე გამარჯვების 65 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში შეხვდა, ბოლო თვეების განმავლობაში უკვე მეორედ.
თბილისში დაბრუნების შემდეგ ბურჯანაძემ განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებასთან შეხვედრის მცდელობები საქართველოს ხელისუფლების ”ძალიან მნიშვნელოვან” წარმომადგენლებსაც აქვთ. მათ შორის ბურჯანაძემ ”მაესტროს” ეთერში მხოლოდ პრეზიდენტ სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია დაასახელა, რომელსაც ”ძალიან სერიოზული კონტაქტების მცდელობა და არა მხოლოდ მცდელობა ჰქონდა არაერთხელ”.
”ნამდვილად ემისარს ემისარზე აგზავნიან,”- განაცხადა ბურჯანაძემ, ”მე ამაზე რეაქცია არ მექნებოდა, ეს ადამიანები რომ საუბრობდნენ სახელმწიფო ინტერესებზე, მაგრამ ამ ადამიანების სასურველი საუბრის მთავარი თემა და გზავნილები არის, უპირველეს ყოვლისა, რეჟიმისადმი საფრთხის მოხსნა”.
This post is also available in: English Русский