ახალი ამბები

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს სავარაუდოდ ივნისში ეწვევა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მანუჩარ მოთაქი საქართველოს, სავარაუდოდ, ივნისში ეწვევა, განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა რამინ მეჰმან-ფარასტმა 21 მაისს.

იგი ამჟამად ირანელი ჟურნალისტების ჯგუფთან ერთად თბილისს სტუმრობს.

მეჰმან-ფარასთიმ არ გამორიცხა, რომ საქართველოს შესაძლოა ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადიც ესტუმროს. ირანული წყაროების ცნობით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ირანის პრეზიდენტი საქართველოში 14 მაისს დაპატიჟა, როდესაც ირანის ახალმა ელჩმა თბილისში მაჯიდ საბერმა მას რწმუნებათა სიგელები გადასცა.

მეჰმანფარასტმა ასევე განაცხადა, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტის შემდეგ ირანში ერთობლივი ქართულ-ირანული სამთავრობო კომისიის შეხვედრაა დაგეგმილი.

”ჩვენ ველოდებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩამოსვლას ირანში ერთობლივ კომისიაში მონაწილე დელეგაციის შემადგენლობაში,” – განაცხადა მან.

”ირანსა და საქართველოს შორის ურთიერთობები შესანიშნავია,” – განაცხადა მეჰმანპარასტმა, ”ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს პოლიტიკურ საკითხებში, მაგრამ მიგვაჩნია, რომ უნდა გავაღრმავოთ თანამშრომლობა ეკონომიკურ საკითხებში… განსაკუთრებით ენერგო სექტორში და სოფლის მეურნეობაში”.

თბილისში 21 მაისს გამართულ ირანელი და ქართველი ჟურნალისტების კონფერენციაზე საუბრისას, ირანის ახალმა ელჩმა საქართველოში მაჯიდ საბერმა განაცხადა, რომ ენერგო სექტორში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების დიდი პოტენციალი არსებობს. მისი თქმით, ირანი საქართველოში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს, ამასთან მისი თქმით, ქართულმა მხარემ სთხოვა ირანს ქარის ენერგიის განვითარებაში არსებული გამოცდილება გაუზიაროს.

ქართულ-ამერიკული ურთიერთობების შესახებ დასმულ კითხვაზე ირანის ელჩმა საქართველოში 2006 წლის იანვრის ენერგოკრიზისი გაიხსენა, რაც ჩრდილოეთ კავკასიაში ორი გაზსადენის აფეთქებას მოყვა და განაცხადა, რომ მაშინ ირანმა მზადყოფნა გამოხატა გაზით დახმარებოდა საქართველოს. 

”აშშ-ის დახმარება არ ყოფილა მაშინ, როდესაც თქვენ ეს ყველაზე მეტად გჭირდებოდათ. ჭეშმარიტი მეგობრობა გასაჭირში გამოჩნდება ხოლმე,” – განაცხადა ირანის ელჩმა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button