ახალი ამბები

მედვედევი: რუსეთი შავი ზღვის ფლოტს მეზობლების წინააღმდეგ არ გამოიყენებს

რუსეთი ”მშვიდობიანი ქვეყანაა” და არ აპირებს თავისი შავი ზღვის ფლოტის, რომელიც სევასტოპოლშია ბაზირებული, ”მოსაზღვრე სახელმწიფოების” წინააღმდეგ გამოყენებას, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა.

”გამოიყენებს რუსეთი თავის შავი ზღვის ფლოტს მოსაზღვრე სახელმწიფოებზე თავდასხმისთვის? არა, არ გამოიყენებს,” – განაცხადა მედვედევმა 18 მაისს კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოსვლისას.

2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთმა სევასტოპოლში ბაზირებული თავისი შავი ზღვის ფლოტის ნაწილი გამოიყენა, მათ შორის მართვადი სარაკეტო სისტემა ”მოსკვა”.

აშშ-ის სამხედრო ხომალდების საქართველოს პორტებში რეგულარულ სტუმრობასთან დაკავშირებით მედვედევმა განაცხადა, რომ ”უცხოური გემების” შავ ზღვაზე ვიზიტები შეშფოთების წყაროს წარმოადგენს.

”ეს ჩვენ გვძაბავს. მე ვიცი, რომ ეს თურქებსაც ძაბავს, როდესაც უცხოური გემები მოდიან, რომელთაც არაფერი აქვთ საერთო ჩვენი შავი ზღვის აუზთან და რაღაცის დემონსტრირებას ახდენენ,” – განაცხადა მან.

”თქვენ იცით, რომ სხვადასხვა მოვლენებს ჰქონდა ადგილი, რთულ მოვლენებს, 2008 წელს კავკასიის კრიზისს ჰქონდა ადგილი. ამიტომ, რაც უფრო სტაბილური იქნება სიტუაცია შავი ზღვის აუზში, მით უკეთესი ყველასთვის, მათ შორის ჩრდილოატლანტიკური ბლოკისთვის,” – განაცხადა მედვედევმა და დასძინა, რომ სწორედ ეს იყო უკრაინასთან რუსეთის საზღვაო ბაზაზე შეთანხმების გაგრძელების მიზეზი.

მან ასევე განაცხადა, რომ მთავარი გარანტია იმისა, რომ რუსეთი არ გამოიყენებს შავი ზღვის ფლოტს მეზობლების წინააღმდეგ არის ”საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემა, მათ შორის გაეროს წინაშე აღებული ვალდებულებები, ასევე საერთაშორისო კონვენციებით, მათ შორის ჰელსინკის 1975 წლის დასკვნითი აქტით აღებული ვალდებულებები”.

”მოვახდენთ ჩვენ საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფას? რა თქმა უნდა, არა, რადგანაც რუსეთისთვის ეს არახელსაყრელია. რუსეთი დიდი ქვეყანაა, რომელსაც ბევრი ინტერესი გააჩნია და თუ ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობიდან ამოვარდნას დავიწყებთ, ეს ჩვენზე აისახება,” – დასძინა მედვედევმა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button