
რუსეთმა ”ჯორჯიან ეარვეისს” ჩარტერულ ფრენებზე თანხმობა მისცა
კომპანია ”ჯორჯიან ეარვეისმა” 24 მაისიდან მოსკოვის მიმართულებით ჩარტერული ფრენების განხორციელებაზე რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროსგან ნებართვა მიიღო, განაცხადა კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ნინო გიორგობიანმა
”იმედი გვაქვს, რომ სამ ან ოთხ ფრენას განვახორციელებთ კვირაში, ეს მოთხოვნაზე იქნება დამოკიდებული,” – განაცხადა გიორგობიანმა.
მისი ინფორმაციით, ნებართვა 1 ივლისამდე პერიოდს მოიცავს, თუმცა მან იმედი გამოთქვა, რომ ნებართვის ვადა 1 ნოემბრამდე გაგრძელდება.
თუმცა ”ინტერფაქსი” რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ქართულმა ავიაკომპანიამ ფრენებზე უფლება 9 ივნისამდე მიიღო. ”ნებართვა ჩარტერულ რეისებზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა,”- ციტირებს სააგენტო პრესსამსახურის კომენტარს.
რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები 2006 წლის ოქტომბერში შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა ჯაშუშებთან დაკავშირებული სკანდალი ორ ქვეყანას შორის. ფრენები 2008 წლის მარტში აღდგა, თუმცა მალევე შეწყდა რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ.
2009 წლის იანვარში ქართულმა ავიაკომპანიამ მოსკოვში სამი პირდაპირი ჩარტერული ფრენა განახორციელა, ხოლო ბოლოს ფრენები აპრილში აღდომის დღესასწაულთან დაკავშირებით შესრულდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)