ახალი ამბები

სააკაშვილი: საქართველო-თურქეთის ურთიერთობები სამაგალითოა

საქართველო-თურქეთის ურთიერთობები ”სამაგალითოა” მთელი რეგიონისთვის და ევროპისთვის, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 17 მაისს ბათუმში, სადაც თურქეთის პრემიერ-მინისტრს რეჯეპ ტაიპ ერდოღანს უმასპინძლა.

”ბევრ ლიდერთან მქონია ძალიან კარგი ურთიერთობა, საქართველო ბევრ ქვეყანასთან თანამშრომლობს, მაგრამ მთელი ევროპისა და რეგიონისთვის მაგალითია თურქეთისა და საქართველოს თანამშრომლობა,” –  განაცხადა სააკაშვილმა.

თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბათუმში ორშაბათს საღამოს ჩავიდა. მანამდე ის აზერბაიჯანს სტუმრობდა, სადაც თეირანიდან ჩავიდა. თეირანში, თურქეთის პრემიერ-მინისტრისა და ბრაზილიის პრეზიდენტის შუამავლობით ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმება იქნა მიღწეული. თურქეთის პრემიერ-მინისტრის საქართველოში ჩამოვლის ოფიციალური მიზეზი ბათუმში ახლადაშენებული სასტუმრო შერატონის გახსნა და ”მონახულება” დასახელდა. სასტუმრო თურქული ინვესტიციებით აშენდა.

”არასდროს მსმენია, კონკრეტული საკითხები ამდენად სწრაფად გადაეწყვიტოს ვინმეს და ამდენად ეფექტიანად თანამშრომლობდეს ორი ქვეყნის მთავრობები, როგორც ეს თურქეთისა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის ხდება. ამაში უდიდესი დამსახურება სწორედ თურქეთის პრემიერ-მინისტრს აქვს,” – განაცხადა სააკაშვილმა. ”თურქეთის მთავრობა აჩვენებს, რომ რა კრიზისიც არ უნდა იყოს ქვეყანაში, თუ მთავრობა ძლიერია, არა მარტო ბიზნესის თვალსაზრისით, არამედ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მხრივ, ვითარების გაუმჯობესება და წინსვლა შესაძლებელია”. 

პრეზიდენტმა სააკაშვილმა თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი, რომელსაც საქართველოს და თავისი ”დიდი მეგობარი” უწოდა, ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა.

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button