ახალი ამბები

NDI-ის დაკვეთით ჩატარებულ გამოკითხვაში უგულავა კონკურენტებს მნიშვნელოვნად უსწრებს

აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით CRRC-ის მიერ აპრილის მეორე ნახევარში ჩატარებული კვლევის თანახმად, თბილისის მოქმედი მერი გიგი უგულავას 30 მაისის არჩევნებში ხმას გამოკითხულთა 57% მისცემს.  

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხის ის ნაწილი, რომელიც პარტიების და კანდიდატების რეიტინგებს ეხება, ამომრჩეველთა ყოვლისმომცველი კვლევის ფარგლებში განხორციელდა; თუმცა, მართალია გასულ კვირას NDI-მ კვლევის სხვა ნაწილები საჯარო გახადა, კვლევის ის ნაწილი, რომელიც პოლიტიკურ რეიტინგებს ასახავს მხოლოდ პარტიებისთვის გახდა ხელმისაწვდომი – ეს ჩვეული პრაქტიკაა, რომელსაც NDI და აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საქართველოში იყენებენ. ასევე, როგორც წესი, მოგვიანებით, პოლიტიკური რეიტინგების შესახებ ინფორმაცია ქვეყნის მასშტაბით მაუწყებელი ტელევიზიებისთვის ხდება ხელმისაწვდომი, სავარაუდოდ პოლიტიკური პარტიების, კერძოდ კი მმართველი პარტიის, მიერ.

იგივე მოხდა ამ ბოლო კვლევასთან დაკავშირებითაც და 11 მაისს ტელევიზიებმა გამოკითხვის შედეგების შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს, ხოლო საზოგადოებრივმა მაუწყებელმა NDI-ის კვლევიდან რამოდენიმე სლაიდიც უჩვენა.

NDI-ის თბილისის ოფისს კვლევის შედეგების შესახებ ტელევიზიების მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ უარყვია.

11 აპრილიდან 26 აპრილის ჩათვლით ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, შეკითხვაზე თუ ვინ არის მათი პირველი და მეორე არჩევანი თბილისის მერობის პოსტზე, თბილისის რესპონდენტთა 57%-მა (პირველი არჩევანი) უპასუხა – გიგი უგულავა (9% – მეორე არჩევანი); შემდეგ მოდის ალიანსი საქართველოსთვის ლიდერი ირაკლი ალასანია – პირველი არჩევანი 7% ( 12% – მეორე არჩევანი).

რესპონდენტთა 15% აცხადებს, რომ მათ არ იციან, ვინ იქნება მათი პირველი არჩევანი მერის პოსტზე, ხოლო 33% – მეორე არჩევანი. 6%-მა (პირველი არჩევანი) უარი თქვა პასუხის გაცემაზე, ხოლო 12%-მა – მეორე არჩევანის შემთხვევაში.

გამოკითხვის თანახმად, მრეწველთა პარტიის ლიდერს გოგი თოფაძეს ხმების 5% აქვს (მეორე არჩევანი 10%), ხოლო ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის კანდიდატს გიორგი ჭანტურიას – 4% (მეორე არჩევანი – 9%).

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button