ახალი ამბები

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეგზით პოლები GfK-ს დაუკვეთა

საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 10 მაისს განაცხადა, რომ ნიუმბერგში განთავსებულ GfK Group-ს დაუკვეთა ეგზით პოლების ჩატარება 30 მაისის თბილისის მერის და საკრებულოს არჩევნებზე.

მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა გია ჭანტურიამ განაცხადა, რომ GFK, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მარკეტინგული კვლევების კომპანია, გამოკითხვას ჩაატარებს თბილისის 50 საარჩევნო უბანზე და ”დაახლოებით, 30 ათასი ამომრჩეველი იქნება გამოკითხული”.

GfK-სთან დადებული კონტრაქტის საფასური 86 ათასი აშშ დოლარია.

”ჩვენ ვთხოვეთ კომპანიას, რომ საქართველოში არსებული სოციოლოგიური კვლევის კომპანიებისგან არცერთი არ ყოფილიყო გამოყენებული და მათ ინდივიდუალურად მოეძიათ ადამიანები, ვინც უშუალოდ ჩაერთვებიან ამ პროცესში,”- განაცხადა ჭანტურიამ დღეს საგანგებო ბრიფინგზე, ”ეს კიდევ ერთი ხაზგასმაა იმისა, რომ კომპანია მაქსიმალურად დამოუკიდებელი, ზუსტი და ეფექტური იქნება”.

მისი თქმით, ეგზით პოლები პარალელური დათვლის გარდა, ”გარკვეული კონტროლის მექანიზმიცაა, ვინაიდან ცდომილება თეორიული არის 3% მაქსიმუმ, ხოლო პრაქტიკული, თუნდაც ბოლო არჩევნებმა ბრიტანეთში გვანახა, რომ 1%-აც არ სცილდება, ამ კომპანიის კომპეტენციიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე”.

28 აპრილს საქართველოს კიდევ ორმა ნაციონალურმა კერძო კომპანიამ ”რუსთავი 2”-მა და ”იმედმა” განაცხადა, რომ მათ ერთობლივად დაიქირავეს ამერიკული კომპანია Edison Research  30 მაისის ადგილობრივი არჩევნებისთვის თბილისში ეგზით პოლების ჩასატარებლად.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button