ახალი ამბები

სააკაშვილი ”დეპოლიტიზირებული” პოლიციის შესახებ საუბრობს

საქართველოს ჰყავს მსოფლიოში ”ყველაზე საუკეთესო პოლიცია”, მაგრამ არსებობს ”ხარვეზები”, რომელიც დღეს ”მინიმუმამდეა დაყვანილი”, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელმაც 6 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალ შენობასთან პოლიციის ახლადგამოცხადებული დღისადმის მიძღვნილი აღლუმი ჩაიბარა.

”ყოველთვის არ იყო ყველაფერი იდეალურად, რა თქმა უნდა იყო ხარვეზებიც და ცალკეული ადამიანების მიერ ჩადენილი დანაშაულებებიც, რა თქმა უნდა სხვადასხვა ეტაპზე სიტუაცია ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ყოველთვის არ იყო შავი ლაქების და დიდი პრობლემების გარეშე, მაგრამ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში სწორი გზით წავიდა და სწორი გზით მიდის და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს არასდროს უკან არ შებრუნდეს, ვერასდროს ვერავინ ვერ მოახერხოს ამ ჩამოყალიბებული ტრადიციის უარყოფა,”- განაცხადა მან.

მისი თქმით, პოლიცია ”დეპოლიტიზებულია” და მასზე შეტევა, რასაც ხშირად ”დაუმსახურებლად” ჰქონდა ადგილი, ნიშნავს ”შეტევას ქართულ სახელმწიფოზე”.

”რა თქმა უნდა, პოლიცია დეპოლიტიზებულია, მაგრამ დეპოლიტიზირება არ ნიშნავს საქართველოს სიყვარულზე და  საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე უარის თქმას და აღმართვა ხელის საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე და ამაზე პასუხი ნიშნავს არა პოლიტიზაციას, არამედ ნიშნავს პასუხს ჩვენი შვილების, ჩვენი შვილთაშვილების და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის, რომელიმე კონკრეტული პრეზიდენტის, შინაგან საქმეთა მინისტრის, მთავრობის რომელიმე წევრის სახელით,”- განაცხადა სააკაშვილმა.

”რა თქმა უნდა, ქართული პოლიცია ამ პასუხს გასცემდა აქამდე და რა თქმა უნდა, ამ პასუხს ჩვენ გავცემთ მომავალში,”- დასძინა მან. 

თავის გამოსვლაში, რომელიც პირდაპირ სატელევიზიო ეთერში გადაიცემოდა, სააკაშვილმა ვრცლად ისაუბრა იმ კრიმინალურ მენტალიტეტსა და უკანონობაზე, რომელიც ”ვარდების რევოლუციამდე” არსებობდა ქვეყანაში და რომელშიც, მისი თქმით, პოლიციაში გატარებული რეფორმების შედეგად გარდატეხა შევიდა.

”ეს ყველაფერი ძალიან ძნელი შესაცვლელი იყო, მაგრამ ჩვენ მოვახერხეთ ამ კულტურის ძირში გადატეხვა.  ამ უკულტურობის, უფრო სწორად, ამ საზიზღრობის  ძირში გადატეხვა და ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაწილი ჩვენი სოციალური ტრანსფორმაციის,”- განაცხადა მან.

”ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს პოლიცია ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო პოლიცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით – ამას აღიარებს ყველა უცხოელი დამკვირვებელი და მე ვფიქრობ, ამაზე მეტყველებს ის, რომ ჩვენი პოლიცია, რომელსაც ჰქონდა 5%-იანი ნდობა 2004 წელს, დღეს სარგებლობს 80%-ზე მეტი ნდობით ჩვენი საზოგადოების ნებისმიერი გამოკითხვის შედეგად,”- აღნიშნა მან და დასძინა, რომ ”პოლიცია ხალხს უყვარს”.

”არა მხოლოდ იმიტომ, რომ წესრიგი დამყარდა,  თქვენ უყვარხართ იმიტომაც, რომ თქვენ სხვანაირად იცით საზოგადოებასთან მოქცევა, თქვენში ხედავენ ადამიანის დამცველს, იმ შუშის შენობებში, რომელშიც თქვენ ზიხართ ხედავენ მათ მეგობრებს, მათ ახლობლებს,”- მიმართა მან აღლუმში მონაწილე პოლიციელებს.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასევე დაასახელა იმ 14 პოლიციელის გვარი, რომლებიც სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულების დროს დაიღუპნენ, უმრავლესობა მათგანი კონფლიქტურ ზონებში. 

მან ასევე მადლობა გადაუხადა პოლიციას 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გამოჩენილი ”სამხედრო და სამოქალაქო გმირობის ტოლფასი საქციელის გამო”.

”ვარდების რევოლუციის” შემდეგ პოლიციის დამსახურებებზე საუბრისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა გაიხსენა სვანეთში აფრასიძეების წინააღმდეგ განხორციელებული სპეცოპერაცია, რომლის დროსაც, მისი თქმით, ”ორგანიზებული დანაშაულის დიდი ჯგუფი განეიტრალდა, მათ შორის საავიაციო იერიშის შედეგად, რომელიც ატერორებდა მთელ სვანეთს”; მან ასევე ისაუბრა 2006 წელს ”კანონიერი ქურდების” მიერ მოწყობილ ძალის გამოყენებით ჩახშობილ ”ციხის ჯანყზე”, მას შემდეგ რაც მათ ”გამოვუცხადეთ დაუნდობელი ბრძოლა”; მისი თქმით, 2007 წლის ნოემბერში ოპოზიციის საპროტესტო აქციების დარბევისას საქართველოს პოლიციამ ”სუფთა მოქმედებებით” მოახერხა ქვეყნის გარედან მართული სახელმწიფო გადატრიალების შეჩერება, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ მაშინ ხალხი ”ხშირ შემთხვევაში სამართლიანმა უკმაყოფილებამ” გამოიყვანა ქუჩაში. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button