სააკაშვილი: საქართველოში საბჭოთა კავშირი დამთავრდა
პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით საქართველოში ”საბჭოთა კავშირი დამთავრდა”, მიუხედავად იმისა, რომ ახლა მიმდინარეობს ყოფილი საბჭოთა სივრცის ”მახინჯი ფორმებით დაპატრონების” მცდელობები.
”საბჭოთა კავშირი, რომელიც დაპატრონებულია ახლა ცხინვალის რეგიონს და დაპატრონებულია ახლა აფხაზეთს ვერასდროს ვერ შეინარჩუნებს ვერც მათ და ვერასდროს ვერ აიღებს დანარჩენ საქართველოს იმიტომ, რომ დანარჩენ საქართველოში როგორც ერთ მუშტად შეკრული ჩვენი საზოგადოება, ასევე ჩვენი შეიარაღებული ძალები და ჩვენი პოლიცია სათანადო პასუხს გასცემენ მათ,”- განაცხადა სააკაშვილმა 6 მაისს პოლიციის აღლუმზე გამოსვლისას.
”ჩვენი ამოცანაა ყველაფერ ამის თავიდან აცილება,” – დასძინა აქვე მან.
მისი თქმით, საქართველო არის ”ერთადერთი ტერიტორია” ყოფილ საბჭოთა სივრცეში, რომელიც ”თავისუფალია საბჭოთა კავშირისგან”.
”მე მინდა იცოდეს ყველამ, ვისაც ხელები ეფხანება, რომ აღადგინოს საბჭოთა იმპერია – საბჭოთა იმპერია ახლა შეტევაზეა, ის რაც ჩვენ დიდი ხანი უკვე გვამი გვეგონა, მან თავი წამოყო, გამოცოცხლდა იმიტომ, რომ არ იყო ბოლომდე დამარხული და ცდილობს რომ ისევ უკან, ბევრად უფრო მახინჯი ფორმით დაეპატრონოს იმ სივრცეს, სადაც იყო ყოფილი საბჭოთა კავშირი, საქართველოში საბჭოთა კავშირი დამთავრდა,”- განაცხადა სააკაშვილმა.
”საბჭოთა კავშირი დამთავრდა სიმბოლურად იმ დროს, როცა ქართული საბჭოთა მილიციელის ქუდი, საბჭოთა მილიციელის ფორმა ჩაანაცვლა ხუთჯვრიანი დროშით ამაყად შემკობილმა ახალმა ქართულმა ფორმამ და რაც მთავარია ახალმა აზროვნებამ, ახალმა ადამიანებმა, ახალმა თაობამ და ჩვენმა მომავალმა, რომელიც აღარასდროს აღარ დაუშვებს წარსულის უკან დაბრუნებას,”- განაცხადა მან პოლიციელების წინაშე გამოსვლისას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)