ახალი ამბები

ალასანიამ და ”იმედის” წამყვანმა ”მოდელირებულ ქრონიკაზე” იკამათეს

თბილისის მერობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ ტელეკომპანია ”იმედთან” პირდაპირ ეთერში ინტერვიუს დროს დაჟინებით მოითხოვა გადაცემის წამყვანისგან, ლაშა ხარაზიშვილისგან, საჯაროდ ბოდიში მოეხადა 13 მარტს გასული ე.წ. მოდელირებული ”ქრონიკის” გამო.

ხარაზიშვილი, რომელიც ამჟამად ტელეკომპანია ”იმედის” პოლიტიკური თოქშოუს ”არჩევნები 2010”-ის წამყვანია, ”მოდელირებული ქრონიკის” წამყვანი იყო.

გადაცემის დასაწყისში ალასანიას წამყვანმა შეკითხვა დაუსვა თუ რატომ სურდა მას მერობა. სანამ პასუხს გაცემდა, ალასანიამ საუბარი დაიყო თავისუფალი მედიის მნიშვნელობაზე და სტუდიაში მყოფ ”იმედის” ჟურნალისტებს პრესის თავისუფლების დღე მიულოცა. შემდეგ მან განაცხადა, რომ მისი სურვილია, რომ ისეთი ფაქტები, როდესაც ”პრეზიდენტის პირდაპირი ჩარევით” შესაძლებელი გახდა მოდელირებული სიუჟეტის გაშვება, აღარ განმეორდეს.

”ამავე დროს, მინდა გთხოვოთ თქვენი პირადი მოსაზრება – რადგანაც თქვენ ერთ-ერთი მთავარი გმირი იყავით იმ გადაცემაში და სხვათაშორის საზოგადოება დღემდე ელოდება სიმართლის გარკვევას,” – მიმართა ალასანიამ წამყვანს. ”მე მინდა ასევე  თქვენი აზრი მოვისმინო იმასთან დაკავშირებით, როდესაც არ მოხერხდა თქვენი ეთერით გაშუქება იმ ძალიან სერიოზული დასკვნის, რომელიც საერთაშორისო ექსპერტულმა ჯგუფმა დადო სატელეფონო ჩანაწერთან დაკავშირებით”. 

”აქ შეკითხვებს ჩვენ ვსვამთ”, უპასუხა ხარაზიშვილმა.

”თქვენი აზრიც მაინტერესებს,” – უთხრა ალასანიამ წამყვანს, ხოლო ამ უკანასკნელმა უპასუხა: ”თქვენს კითხვებს ვუპასუხებ ოდნავ მოგვიანებით. მანამდე კი ჩვენ შეკითხვებს უპასუხეთ”.     

შემდეგ, ალასანიამ წამყვანის კითხვებს უპასუხა, თუმცა, დაახლოებით 15 წუთის შემდეგ მან ისევ წამოწია ”მოდელირებული ქრონიკის” თემა და ჰკითხა ხარაზიშვილს: ”თვლით თუ არა, რომ ეს მოდელირებული ქრონიკა იყო შეცდომა და იხდით თუ არა თქვენ პირადად ბოდიშს ამისთვის? თქვენ დამპირდით, რომ პასუხს გამცემდით”.

”დიახ, აუცილებლად გაგცემთ, თუმცა ამ გადაცემაში კითხვებს ვსვამთ ჩვენ. ჩვენ ახლა საარჩევნო თემატიკაზე ვსაუბრობთ,” – განაცხადა წამყვანმა; თუმცა ალასანია დაჟინებით მოითხოვდა მის კითხვაზე პასუხს.

წამყვანსა და მერობის კანდიდატს შორის კამათი კიდევ ორ წუთს გაგრძელდა, რის შემდეგაც ხარაზიშვილმა განაცხადა, რომ ტელეკომპანია ”იმედმა” უკვე მოიხადა ბოდიში ამ რეპორტაჟისთვის და მანაც პირადად უკვე სამჯერ მოიხადა ბოდიში პრესასთან ინტერვიუში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button