ახალი ამბები

საქართველომ და სირიამ ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე 2 მაისს დამასკოში სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს შეხვდა და ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხი განიხილა, კერძოდ კი ეკონომიკის და ტურიზმის სფეროებში, იტყობინება სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SANA.

ამავე ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ახლო აღმოსავლეთსა და კავკასიაში არსებული ვითარება. ”პრეზიდენტმა ალ-ასადმა ხაზი გაუსვა ამ ორ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევის მნიშვნელობას მსოფლიოში მათი ყველაზე სასიცოცხლო და სტრატეგიული როლისთვის,” – იტყობინება SANA.  

”მინისტრმა ვაშაძემ კონსტრუქციული შეხვედრა გამართა პრეზიდენტ ალ-ასადთან, რომლის დროსაც ორმხრივი ურთიერთობების განვითარების გზები და ახლო აღმოსავლეთის და კავკასიის რეგიონებში არსებული ვითარება იქნა განხილული,” – იტყობინება SANA სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვალიდ ალ-მუალიმის სიტყვებზე დაყრდნობით.

მისი თქმით, ხელი მოეწერა თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს რეგულარული პოლიტიკური კონსულტაციების გამართვას საგარეო უწყებებს შორის. ვაშაძის სირიაში ვიზიტის ასევე მოეწერა ხელი შეთანხმებას მთავრობებს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ სირიის სხვადასხვა სამინისტროებიც აპირებდნენ ანალოგიური ორმხრივი ხელშეკრულებების ხელმოწერას საქართველოს შესაბამის უწყებებთან ”ეკონომიკის სფეროში, სირიასა და საქართველოს შორის კონსტრუქციული და კარგი ურთიერთობების დამყარების მიზნით”.

მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი სირიაში ”ორმხრივი ურთიერთობებისთვის მყარი საფუძვლის” შექმნის დასაწყისი იქნება, იტყობინება SANA.

საქართველოს საგარეო უწყებამ განაცხადა 3 მაისს, რომ ვიზიტის დროს ”განხილულ იქნა ორი ქვეყნის საგარეო უწყებათა შორის წელიწადში ორჯერ პოლიტიკური კონსულტაციების გამართვის შესაძლებლობა”. 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button