ახალი ამბები

უგზოუკვლოდ დაკარგულთა საკითხზე მეორე შეხვედრა გაიმართა

თბილისის, მოსკოვისა და ცხინვალის წარმომადგენლები 29 აპრილს სეპარატისტული რეგიონის ადმინისტრაციული საზღვარზე, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით, შეხვედრა გამართეს, რათა ორივე მხრიდან არსებული უგზოუკვლოდ დაკარგულ პირთა შესახებ ემსჯელათ.

შეხვედრა ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე სოფლებს, ოკონასა და კნოველს შორის შედგა.

მონაწილეებმა განიხილეს ”ის კონკრეტული და კოორდინირებული ნაბიჯები, რომელთა გადადგმაცაა საჭიროს დაკარგულ პირთა ოჯახებისთვის მათი ახლობლების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მისაწოდებლად,” – ნათქვამია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის განცხადებაში.
 
ეს ამ საკითხზე და ამ ფორმატში გამართული მეორე შეხვედრაა. პირველი შეხვედრა 23 თებერვალს შვეიცარიაში გაიმართა. პირველი შეხვედრის დროს მონაწილეებმა 47 დაკარგული პიროვნების სია გაცვალეს. 

29 აპრილს გამართულ შეხვედრაზე მონაწილეებმა დამატებითი ინფორმაცია გაცვალეს დაკარგულთა შესახებ, სიას ერთი ახალი საქმე შეემატა, ხოლო ერთი დაკარგულის საქმე ”დადებითად” გადაწყდა, – ნათქვამია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის განცხადებაში.

”მხარეებმა დაინტერესება გამოხატეს რათა მოხდეს ექსპერტიზის ჩატარებისას კოორდინაციის გაუმჯობესება, რაც ხელს შეუწყობს ცხედრების იდენტიფიკაციას. განსაკუთრებით გაესვა ცხედრების ექსგუმაციის და იდენტიფიცირების პროცესის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის აუცილებლობას,” – განაცხადა წითელი ჯვრის ექსპერტმა მეგან ბასენდეილმა, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო და ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა, განაცხადა, რომ  განხილვის მთავარი თემა ცხედრების ექსპერტიზის და ამოცნობის საკითხი იყო. 

30 აპრილს მან განუცხადა Civil.Ge-ს, რომ ქართული მხრიდან 35 პირი ითვლება დაკარგულად.

უტიაშვილის განცხადებით შეთანხმება შედგა, რომ მოხდება იმ 14 ცხედრის ექსპერტიზა და შემდგომ მათი გადმოსვენება, რომელთა ამჟამინდელი საფლავის ადგილმდებარეობა ცნობილია.

”ჩვენ თხოვნაა, თუ ვინმეს რაიმე ინფორმაცია მოეპოვება დაკარგულ პირთა შესახებ, ან დაღუპულთა საფლავის ადგილმდებარეობის შესახებ, რომ დაუკავშირდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს,” – განაცხადა უტიაშვილმა და დასძინა, რომ შემდეგი შეხვედრაც გაიმართება, თუმცა მისი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

This post is also available in: English Русский

Back to top button