ახალი ამბები

ბაღაფში უკრაინის და ბელარუსის მიერ აფხაზეთის აღიარებას ”ფრთხილი ოპტიმიზმით” უყურებს

აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა განაცახდა 29 აპრილს, რომ ის ”ფრთხილი ოპტიმიზმით” უყურებს უკრაინის და ბელარუსის მიერ აფხაზეთის შესაძლო აღიარების საკითხს, განაცხადა ”აფსნიპრესმა”.

”ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ აღიაროს აფხაზეთი, რომ ბელარუსმა, ბოლოს და ბოლოს, გადაწყვიტოს და დახუროს ეს თემა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ჩვენ უკვე გვქონდა მოლაპარაკებები. მე გადასარევად მესმის, რომ თითოეულ ქვეყანას თავისი პრობლემები აქვს, თავისი ოპოზიცია ყავს, დასავლეთის და ფინანსური სტრუქტურების გავლენა არსებობს… და თუ ეს [აღიარება] მოხდება, ჩვენ ძალიან გაგვიხარდება, რადგანაც ბელარუსიც, რუსეთიც და უკრაინაც, ისევე როგორც დსთ-ს ყველა სხვა ქვეყანა, ჩვენი მეგობარი სახელმწიფოებია. ჩვენ არ მოვითხოვთ უპირობო აღიარებას, არამედ ვთავაზობთ ურთიერთობების აწყობას,” – განაცხადა ბაღაფშმა.

მისი თქმით, საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, აფხაზეთმა ”რეალური დემოკრატია” უნდა დაამყაროს.

პრესკონფერენციაზე საუბრისას ბაღაფში ასევე მიესალმა რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის მესაზღვრეების საქმიანობას, რომლებიც სეპარატისტულ რეგიონში ერთი წლის წინ განთავსდნენ.

”რუსი მესაზღვრეები არა მხოლოდ აფხაზეთის, არამედ რუსეთის საზღვრებსაც იცავენ. ჩვენ ისინი იმისთვის მოვიწვიეთ, რომ აქ მშვიდობა და სტაბილურობა იყოს. საქმე მხოლოდ აფხაზეთს არ ეხება – საქმე იმაშია, თუ როგორ განვითარდება სიტუაცია მთელს კავკასიაში,” – განაცხადა მან.

ბაღაფშმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის სასაზღვრო სამსახური ”მზად არის თავის რიგებში ის აფხაზეთის მოქალაქეები აიყვანოს, ვისაც რუსულ სასაზღვრო ძალებში სამსახურის სურვილი აქვთ.”   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button