ახალი ამბები

ევროკომისიამ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გამარტივების და რეადმისიის ხელშეკრულებებს მხარი დაუჭირა

27 აპრილს ევროკომისიამ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და რეადმისიის ხელშეკრულებების ხელმოწერას დაუჭირა მხარი და მოუწოდა ევროპის პარლამენტს, ასევე ევროკავშირის საბჭოს დაამტკიცონ აღნიშნული ხელშეკრულებები.

სავიზო რეჟიმის შესახებ ხელშეკრულების თანახმად საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზაზე განაცხადის წარდგენისას საჭირო დოკუმენტური დასაბუთების პირობები გამარტივება და შემცირდება შესავსები დოკუმენტების რაოდენობა.

ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს გრძელვადიანი, მრავალჯერადი ვიზების გაცემას მოქალაქეთა გარკვეული კატეგორიებისათვის, მათ შორის, ბიზნესმენების, ჟურნალისტებისა და საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა ოჯახის წევრი ევროკავშირში ცხოვრობს.

ამავე ხელშეკრულების თანახმად, სავიზო გადასახადი შემცირდება 35 ევრომდე ყველა მოქალაქისათვის და გადასახადისაგან გათავისუფლდება პირთა გარკვეული კატეგორია, მათ შორის, ბავშვები, ევროკავშირში მაცხოვრებელი საქართველოს მოქალაქეების ოჯახის წევრები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი ორგანიზაციების წევრები.

რეადმისიის შესახებ ხელშეკრულება კი ევროკავშირში უკანონოდ მყოფ საქართველოს მოქალაქეთა სამშობლოში დაბრუნებას ითვალისწინებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button