
ევროკომისარი სამხრეთ კავკასიური ტურნეს შესახებ საუბრობს
ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკის გაფართოების საკითხებში შტეფან ფულემ განაცხადა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს 10 მაისს დასამტკიცებლად წარედგინება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან ასოცირებულ შეთანხმებებთან დაკავშირებული მოლაპარაკებების დირექტივები.
28 აპრილს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას ფულემ განაცხადა, რომ დირექტივების მიღება საშუალებას მისცემს ევროკავშირს მოემზადოს სომხეთთან, აზერბაიჯანთან და საქართველოსთან ასოცირებულ შეთანხმებებზე მოლაპარაკებების დაწყებისთვის.
”ეს შეთანხმებები პოლიტიკური დაახლოების შესაძლებლობას შექმნის სამხრეთ კავკასიის თითოეულ პარტნიორსა და ევროკავშირს შორის,” – განაცხადა მან.
ფულემ, რომელმაც საგარეო საქმეთა კომიტეტს ანგარიში ჩააბარა აპრილში სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში და უკრაინაში განხორციელებული ვიზიტების შესახებ, განაცხადა, რომ საქართველოსთან მოლაპარაკებები სავიზო რეჟიმის გამარტივების და რეადმისიის შეთანხმებების შესახებ უკვე დასრულდა.
”საქართველოს მოქალაქეები მალე ისარგებლებენ უფრო დაბალი სავიზო ტარიფებით და უფრო მარტივი სავიზო წესებით,” – განაცხადა მან.
საქართველოსთან დაკავშირებით მან ასევე განაცხადა, რომ თბილისში ვიზიტის დროს მას მიეცა შესაძლებლობა ოპოზიციასთან და ხელისუფლებასთან შიდა პოლიტიკური ვითარება განეხილა 30 მაისს დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნების კონტექსტში.
”მე ორივე მხარესთან ხაზი გავუსვი საერთაშორისო საარჩევნო სტანდარტების დაცვის საჭიროებას, რეალური პოლიტიკური პლურალიზმის, აქტიური სამოქალაქო საზოგადოების და ღია მედია გარემოს მნიშვნელობას, როგორც ძლიერი დემოკრატიის მთავარ ფაქტორებს,” – განუცხადა ფულემ ევროპელ პარლამენტარებს.
მან ასევე აღნიშნა, რომ მისი გზავნილი სომხეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს ლიდერებისადმი არის და ”ყოველთვის იქნება ის, რომ პასუხისმგებლობა შიდა რეფორმების პროცესებზე და დემოკრატიის და კანონის უზენაესობის გაძლიერებაზე ამ ქვეყნების მთავრობების და პოლიტიკოსების ხელშია”.