ახალი ამბები

მმართველი პარტია ადმინისტრაციულ რესურსებთან დაკავშირებულ მემორანდუმს შეუერთდა

მმართველი ნაციონალური მოძრაობა პირველი პარტიაა, რომელიც შეუერთდა ცესკო-სა და ხუთ არასამთავრობო ორგანიზაციას შორის გაფორმებულ მემორანდუმს, რომელიც ადგილობრივ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტებისთვის სახელმწიფოს ადმინისტრაციულ რესურსებზე თანაბარ ხელმისაწვდომობას არეგულირებს.

”ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადმინისტრაციული რესურსის თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის,”- განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან პავლე კუბლაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, ”ასევე მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს ყველა ის ნორმა, რომელიც უკავშირდება საჯარო მოსამსახურეების მონაწილეობას საარჩევნო პროცესში… აგიტაციაში”. 

მემორანდუმი, რომელიც 8 აპრილს გაფორმდა,  ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით საარჩევნო კოდექსში არსებულ ნორმებს  განმარტავს, რათა ამის მიხედვით იხელმძღვანელონ საარჩევნო დავების სასამართლო და ადმინისტრაციული განხილვების დროს.

მემორანდუმის თანახმად, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეებს ეკრძალებათ აგიტაციაში მონაწილეობა სამუშაო დროს; ასევე ამ მიზნით სამსახურეობრივი ადამიანური ან მატერიალური რესურსის გამოყენება; ამასთან, საარჩევნო მიზნებისათვის სახელმწიფოს კუთვნილი შენობა-ნაგებობები; საკომუნიკაციო საშუალებები და სხვა სახის ტექნიკა, ასევე სატრანსპორტო საშუალებები უსასყიდლოდ ან შეღავათიანი პირობებით გამოყენება ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის თანაბრად უნდა იყოს ხელმისაწვდომი.

 

Back to top button