
ლავროვმა და PACE-ს მომხსენებელმა საქართველოზე იმსჯელეს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 20 აპრილს მოსკოვში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მომხსენებელს დევიდ უილშირს შეხვდა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად მათ საქართველოზეც იმსჯელეს, იტყობინება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
კერძოდ, მხარეებმა განიხილეს PACE-ს მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლების, მათიას ეორშის და დევიდ უილშირის ვიზიტი თბილისსა და სოხუმში, რომელიც გასულ კვირას შედგა, ასევე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის თომას ჰამერბერგის საქმიანობა რეგიონში და მათიას ეორშის და დევიდ უილშირის მიერ მომზადებული პროექტი ”საქართველოს და სამხრეთ ოსეთს შორის 2008 წლის აგვისტოში” მომხდარი კონფლიქტის შესახებ, იტყობინება რუსეთის საგარეო უწყება.
”რუსულმა მხარემ მოუწოდა ასამბლეის წარმომადგენლებს მაქსიმალური პასუხისმგებლობით ჩამოაყალიბონ თავიანთი პოზიცია ქართულ-სამხრეთ ოსური კონფლიქტის შედეგებთან დაკავშირებულ საკითხებზე და გაითვალისწინონ რეგიონში წარმოქმნილი ახალი პოლიტიკურ-სამართლებრივი რეალობები, ადგილზე ჰუმანიტარული სიტუაციის ნორმალიზების და პოსტ-კონფლიქტური მოგვარებისთვის საჭირო ზომების განხორციელების მიზნით,” – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
PACE-მ სამი რეზოლუცია მიიღო ომის შედეგებთან დაკავშირებით. შარშან სექტემბერში მიღებული ბოლო რეზოლუცია მოუწოდებდა რუსეთს 2009 წლის ბოლომდე შეესრულებინა ასამბლეის 2009 წლის იანვრის და 2008 წლის ოქტომბრის რეზოლუციებით დაკისრებული ვალდებულებები.
PACE-ს საგაზაფხულო სესიის 28 აპრილის დღის წესრიგის პროექტში ასევე შედის ჰეიდი ტალიავინის განცხადება. სწორედ ჰეიდი ტალიავინი ხელმძღვანელობდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ფაქტების დამდგენ მისიას, რომელმაც 2009 წლის სექტემბერში აგვისტოს ომის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.