ახალი ამბები

სააკაშვილი ”იმედის” იმიტირებულ გადაცემაზე საუბრობს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ამერიკის საზოგადოებრივი რადიოსთვის (NPR) მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ტელეკომპანია ”იმედის” მიერ იმიტირებული გადაცემის დაგეგმვის შესახებ წინასწარ ”ყველამ იცოდა”, თუმცა მას ამ გადაცემის გაშვებაზე რაიმე სახით თანხმობა არ მიუცია.

ინტერვიუს დროს მას დაუსვეს შეკითხვა, იცოდა თუ არა მან წინასწარ, რომ ტელეკომპანია მსგავს გადაცემას გაუშვებდა.

სააკაშვილმა უპასუხა: ”ყველამ იცოდა, რადგან ისინი [ტელეკომპანია ”იმედი”] ამ ყველაფერს რეკლამირებას უკეთებდნენ მთელი კვირის განმავლობაში.”

შეკითხვაზე, მისცა თუ არა მან რაიმე სახით თანხმობა გადაცემის გაშვებაზე, სააკაშვილმა უპასუხა: ”გიჟი უნდა ვყოფილიყავი ეს რომ გამეკეთებინა, რადგან მაგ გადაცემაში მთავარი რაც ხდება არის ის, რომ ქართული ჯარი ღალატს ჩადის და მე მკლავენ… ნებისმიერი მთავრობა გიჟი უნდა იყოს, ეს ორი რამ რომ გაუხარდეს.” 

შეკითხვაზე, იყო თუ არა დადგმული სიუჟეტი იმაზე გათვლილი, რომ პანიკა გამოეწვია, ხოლო ოპოზიციის ლიდერები პრო-რუსულად გამოეყვანა, სააკაშვილმა უპასუხა: ”ის ხალხი, რომლებიც იქ [სიუჟეტში] ჩანდნენ არჩევნებში არ მონაწილეობენ.”

”იმედის” იმიტირებულ სიუჟეტში ოპოზიციიდან მთავარ მოქმედ პირებად დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე და მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი იყვნენ გამოყვანილნი. ბურჯანაძისგან განსხვავებით, ნოღაიდელის პარტია ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობს.

ინტერვიუში სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოში, სადაც მცირე სარეკლამო ბაზარია, ტელევიზიები რეიტინგისთვის იბრძვიან.

”ეს ყველაფერი სარეკლამო ფულისთვის არის,” – განაცხადა მან, რაზეც შეეკითხნენ: ”ანუ თქვენ ამ ყველაფერს შოუ- ბიზნესს და რეიტინგებზე გამოდევნებას მიაწერთ?”

”მე იმას ვგულისხმობ, რომ ეს ის არის რაზეც დღეს თავისუფალი ტელეარხები მუშაობენ; იყო გამომწვევი, ზოგჯერ – ზედმეტად გამომწვევი; იყო აღმაშფოთებელი, ზოგჯერ – ძალიან აღმაშფოთებელი; ჩვენ ასეთ ცხოვრებასთან შეგუება გვიწევს,” – დასძინა სააკაშვილმა.

”იმედის” იმიტირებულ ქრონიკას სააკაშვილი 9 აპრილსაც შეეხო, როდესაც  მან მან ”ისტორიული სამართლიანობის დამდგენი კომისიის” შექმნის განკარგულებას მოაწერა ხელი.
 
”ვისაც გონია, რომ ისტორია მხოლოდ სახელმძღვანელოებშია, ან ცუდი ამბები მხოლოდ რომელიმე ტელევიზიის შემაშინებელ, დამაპანიკებელ გადაცემაშია, მას ვურჩევ ყურადღებით დააკვირდეს რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ პოსტ-საბჭოთა ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს,” – განაცხადა სააკაშვილმა 9 აპრილს.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button