ახალი ამბები

ქართული ბატალიონი ავღანეთში გაემგზავრა

საქართველოს შეიარაღებული ძალების 31–ე ბატალიონი დღეს ავღანეთში გაემგზავრა ნატოს-ს ეგიდით წარმოებული საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების (ISAF) ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად.

750 ქართველი სამხედრო მოსამსახურე მისიას ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში, ჰელმანდის პროვინციაში შეასრულებს.

ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ქართველი ჯარისკაცების გაცილების ცერემონიას თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია, გაერთიანებული შტაბის უფროსი დევი ჭანკოტაძე და სხვა ოფიციალური პირები, ასევე აშშ–ის ევროპული და ამერიკული მიმართულებების საზღვაო ქვეითთა ძალების სარდლობის დელეგაცია, მათ შორის აშშ–ის საზღვაო ქვეითი ძალების სარდალი აშშ–ის მიმართულებით, გენერალ–ლეიტენანტი რიჩარდ ნატონსკი და ევროპაში აშშ–ის საზღვაო ქვეითი ძალების სარდალი, ბრიგადის გენერალი პოლ ბრაიერი დაესწრნენ.

საქართველოს თავდაცვის უწყების ცნობით, ქართულმა ბატალიონმა გამგზავრებამდე ექვსთვიანი ინტენსიური მომზადების კურსი ვაზიანის და კრწანისის მოსამზადებელ ბაზებზე  შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითების სასწავლო და საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელობით გაიარა. კერძოდ, მათ შეისწავლეს დაცვის, ჩხრეკის, წმენდისა და კორდონის, ასევე კონვოის ოპერაციები, დაშავებულთა ევაკუაციის პროცედურები, მოსახლეობასთან და ლიდერებთან ურთიერთობები.

ამასთან, ბატალიონის პირადი შემადგენლობა იმყოფებოდა გერმანიის ქალაქ ჰოჰენფელსშიც, სადაც სამხედრო წვრთნებს აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვანი მზადყოფნის ცენტრში (JMRC) გადიოდა.

”ჯარისკაცების მომზადების დონე და მათი მზადყოფნა კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად დადებითად შეაფასეს როგორც ცენტრის ექსპერტებმა, ისე ამერიკელი საზღვაო ქვეითების ტრენერთა და მრჩეველთა ჯგუფმა,”- აცხადებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

ერთი ქართული ასეული ავღანეთში ნოემბრიდან იმყოფება და მისიას ფრანგული კონტიგენტის შემადგენლობაში ასრულებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button