ახალი ამბები

იაკობაშვილი პატრუშევის განცხადების შესახებ

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, ნიკოლაი პატრუშევის განცხადება მოსკოვის მეტროში მომხდარ აფეთქებებთან საქართველოს შესაძლო კავშირის შესახებ შიდა მოხმარებისთვის გაკეთდა, განაცხადა თემურ იაკობაშვილმა, საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში 31 მარტს.

”საქართველოს ხელისუფლება გმობდა, გმობს და ყოველთვის დაგმობს ტერორიზმს, თუნდაც ის ხდებოდეს ჩვენი მოწინააღმდეგის ბანაკში. მე მიმაჩნია, რომ ტერორიზმი არის დანაშაული და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ რუსები მართლა გამოიძიებენ, არა თითების იქით-აქეთ გაშვერით, არამედ მართლა გამოიძიებენ ვინ დგას ამ ტერაქტების უკან,” – განაცხადა მან.

”თუ რამე მიუთითებს საქართველოსკენ, მოვიდნენ, გვითხრან და ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ,” – განუცხადა იაკობაშვილმა ”რუსთავი 2”-ს. ”ჩრდილოეთ კავკასია არ არის მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის პრობლემა. ეს ჩვენი პრობლემაც არის იმიტომ, რომ არანაირად არ გვინდა განმეორდეს ან პანკისის ხეობის ისტორიები, ან მოხდეს იქ ომი ან სხვა სპეცოპერაციები, რომელიც დიდი რაოდენობით ახალ ლტოლვილებს საქართველოში უკვე ამჯერად ჩრდილოეთ კავკასიიდან შემოიყვანს”.

მისი თქმით, ”გასაკვირი არაფერია”, რომ პატრუშევმა ასეთი განცხადება გააკეთა.

”გასაკვირი ის იყო, რომ მან, ჩემი აზრით, დააგვიანა,” – განაცხადა იაკობაშვილმა.

”ტენდენცია, რომელიც სამწუხაროდ გამოიკვეთა რუსეთის ფედერაციაში, არის ქართველების გაებრაელება, ანუ როდესაც ადრე ყველაფერი ებრაელების ბრალი იყო რუსეთში და დღეს ყველაფერი ქართველების ბრალია,” – დასძინა მან.

იაკობაშვილმა აქვე ხაზი გაუსვა, რომ მაშინ როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ივარაუდა, რომ აფეთქებების კვალი ავღანეთში მიდის, პატრუშევმა შესაძლო ქართულ კვალზე მიანიშნა. 

”ანუ ლარვოვი ამ განცხადებას აკეთებს დასავლეთისთვის და დანარჩენი მსოფლიოსთვის და იციან, რომ პრობლემა დასავლეთისთვის არის ავღანეთი და პატრუშევის განცხადება, ალბათ, უფრო არის შიდა მოხმარებისა. და პატრუშევის განცხადებაც არის გამოძახილი იმ ანტიქართული ისტერიიისა, რომელიც რუსეთში დაწყებულია,” – განაცხადა იაკობაშვილმა. 
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button