skip to content
ახალი ამბები

დეპუტატი გია ცაგარეიშვილი ალასანიას პარტიაში გაწევრიანდა

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, გია ცაგარეიშვილი პარტია ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების რიგებში გაწევრიანდა.

”მე მიმაჩნია, რომ ჩემი ადგილი სწორედ აქ არის დღეს, სადაც საქართველოს მომავალი ბედი წყდება… ირაკლი ალასანიას, მის თანაპარტიელებს, მის თანაგუნდელებს ძალუძთ ამ ხელისუფლების სწრაფი ცვლილება”- განაცხადა მან 29 მარტს ალასანიას პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ჩვენი საქართველო – თავისუფალ დემოკრატების წევრმა, ზურაბ აბაშიძემ იმავე პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ცაგარეიშვილი ”დიდი გამოცდილების” მქონე პოლიტიკოსია და ”მისი ჩვენთან ერთად ყოფნა იქნება მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ამ ხელისუფლების ცვლილების საქმეში”.  

ცაგარეიშვილის თქმით,  იგი დღეიდან ირაკლი ალასანიას პარტიის პოლიტსაბჭოშიც ირიცხება.

”მე პარლამენტში ამიერიდან წარმოვადგენ ”თავისუფალ დემოკრატებს” და არა ალიანსს საქართველოსთვის,”- განუცხადა მან Civil.ge-ს და იქვე აღნიშნა, რომ ”ტყუილია” გავრცელებული ინფორმაცია თითქოს მისი პარტიაში მიღების წინააღმდეგი იყვნენ ალიანსში ირაკლი ალასანიას პოლიტიკური პარტნიორები ახალი მემარჯვენეებიდან და რესპუბლიკელებიდან.

გია ცაგარეიშვილი 2004 წლის მოწვევის პარლამენტში მრეწველთა პარტიული სიით მოხვდა; 2007 წლის შემოდგომაზე იგი ირაკლი ოქრუაშვილის პარტიაში გაწევრიანდა, თუმცა მალევე დატოვა ამ პარტიის რიგები. ამჟამინდელ პარლამენტში ცაგარეიშვილი გაერთიანებული ოპოზიციის პარტიული სიით მოხვდა და ოპოზიციონერი კოლეგებისგან განსხვავებით დეპუტატის მანდატზე უარი არ თქვა. 2008 წლის ნოემბერში კი მან დეპუტატ გია თორთლაძესთან ერთად ”დემოკრატიული პარტია” დააფუძნა, რომელიც შარშან, გაზაფხულის საპროტესტო აქციების მსვლელობისას დატოვა.

This post is also available in: English Русский

Back to top button