ახალი ამბები

ბაქრაძე: ადგილობრივ არჩევნებს უცხოელ დამკვირვებელთა ძალიან დიდი ოდენობა დაესწრება

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს საერთაშორისო დამკვირვებელთა ”ძალიან დიდი ოდენობა” დაესწრება, მათ შორის, დაახლოებით, 400 დამკვირვებელი მხოლოდ დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ეუთოს ოფისიდან (ODIHR) იქნება წარმოდგენილი, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ 18 მარტს.

”მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ODIHR-მა გაითვალისწინა ჩვენი თხოვნა… ამ ეტაპზე საუბარია რომ, დაახლოებით, 400 დამკვირვებელი ჩამოვა მხოლოდ ODIHR-ის ეგიდით. ეს არიან ძალიან დიდი რიცხვი,”- განაცხადა მან, ”გარდა ამისა ჩვენ მოწვეული გვყავს დამკვირვებლები ასევე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ეროვნული პარლამენტებიდან, ევროპარლამენტიდან”.    

პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა ასევე საარჩევნო კოდექსში ერთი კვირის წინ შეტანილ ცვლილებებზე, რომლითაც არჩევნების დღედ 30 მაისი განისაზღვრა.

”მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე 2 თვით ადრე მოხდება პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით არჩევნების საბოლოოდ დანიშვნა, რასაც მოყვება კანდიდატურების წარდგენა, ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ წინასწარ, სამი თვით ადრე კანონის დონეზე დაგვეფიქსირებინა არჩევნების დღე, რათა ყველა პოლიტიკურ პარტიას ჰქონდეს საშუალება უკეთესად მოემზადოს ამ დღისთვის,”- განაცხადა მან.

კანონმდებლობით, საარჩევნო კამპანიისა და ვადების ათვლა იწყება არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 60 დღისა (31 მარტამდე), როცა პრეზიდენტი თავისი ბრძანებულებით ოფიციალურად ნიშნავს არჩევნებს. კოდექსის თანახმად, თბილისის მერობის კანდიდატები არჩევნებამდე არაუგვიანეს 30 დღისა უნდა იქნენ წარდგენილნი.

ჟურნალისტების კითხვაზე, იქნება თუ არა მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა, ბაქრაძემ უპასუხა, რომ წარდგენა კანონით დადგენილ ვადებში მოხდება და ”თქვენც, მეც და საზოგადოებასაც ძალიან გაუკვირდება, თუ ეს კანდიდატი არ იქნება თბილისის მოქმედი მერი”.

This post is also available in: English Русский

Back to top button