
მმართველი პარტიის დეპუტატები გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერებს რუსულ სპეცსამსახურებს უკავშირებენ
მმართველი პარტიის დეპუტატები აცხადებენ, რომ არანაირ ეჭვს არ იწვევს, რომ ”იმედის” იმიტირებულ რეპორტაჟთან დაკავშირებით გავრცელებული სატელეფონო ჩანაწერები რუსულ სპეცსამსახურებს უკავშირდება და აქ გამოსაძიებელი არც არაფერია.
რუსულენოვან ვებ-გვერდზე (www.copoka.net), სავარაუდოდ, პრეზიდენტ სააკაშვილსა და კულტურის მინისტრს, ნიკა რურუას შორის სატელეფონო საუბრის აუდიო ჩანაწერი 16 მარტს მას შემდეგ გავრცელდა, რაც წინა დღით ამავე ინტერნეტ გვერდზე, სავარაუდოდ, ტელეკომპანია ”იმედის” დირექტორს გიორგი არველაძესა და მის მოადგილეს ეკა წამალაშვილს შორის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი დაიდო. ორივე ჩანაწერის შინაარსი ”იმედის” იმიტირებულ რეპორტაჟს ეხებოდა. არველაძემ და წამალაშვილმა გავრცელებულ ჩანაწერებს ”ფაბრიკაცია” უწოდეს. ზოგიერთმა ოპოზიციურმა ჯგუფმა ჩანაწერების ავთენტურობის დასადასტურებლად გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდეს.
”ამ სატელეფონო ჩანაწერების ექსპერტიზა არ უნდა ჩატარდეს მარტივი მიზეზის გამო – აქ რუსული სპეცსამსახურების კვალი იკვეთება და ამაში არავის ეჭვი არ უნდა ჰქონდეს,”- განუცხადა Civil.ge-ის პავლე კუბლაშვილმა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მმართველი პარტიიდან, ”ის, რომ ჩვენგან გამავალი როუმინგის ზარები გადის ნოვოროსიისკზე, ეს უკვე ყველაფერზე მეტყველებს. ცალსახაა, რომ copoka-ს მიერ გავრცელებული ჩანაწერები რუსულ სპეცსამსახურებს უკავშირდება”.
შეკითვაზე არის თუ არა საჭირო ამ ვარაუდის დასაბუთებული დადასტურება, კუბლაშვილმა განაცხადა: ”საზოგადოებისთვის ეს [რუსული კვალი] სრულიად ნათელია და იმედი მაქვს, რომ თქვენთვისაც არანაირი კითხვის ნიშნები ამასთან დაკავშირებით არ არსებობს”.
”თუმცა ამ საუბრების ნამდვილობაში ეჭვი შემაქვს, რადგან გაურკვეველია რომელია ნამდვილად ნათქვამი და რომელია სხვადასხვა საუბრებიდან ამოკრეფილი სიტყვები, მაგრამ ზუსტად რუსეთის ინტერესებშია, რომ ჩვენ დავიწყოთ ამაზე მსჯელობა, რასაც ჩვენ არ ვაპირებთ,”- აღნიშნა მან.
დეპუტატმა მმართველი პარტიიდან, შოთა მალაშხიამ ასევე განაცხადა, რომ გავრცელებული სატელეფონო ჩანაწერების უკან რუსული სპეცსამსახურები დგანან და ამასთან ”ხელისუფლებას არანაირი კავშირი არ აქვს”.
”სუფთა სამართლებრივი თვალსაზრისით, copoka-დან აღებულ ჩანაწერებზე ექსპერტიზის ჩატარება არც ღირს, რადგან ექსპერტიზა, როგორც წესი, ორიგინალზე ტარდება,”- განაცხადა მან, ”ეს ცალსახად რუსულ სპეცსამსახურებს უკავშირდება, რადგან ეს მოხდა copoka-ზე. რა თქმა უნდა, ცუდია, როდესაც პრეზიდენტს რუსული სპეცსამსახურები უსმენენ, მაგრამ ჩვენ არ უნდა ჩავერთოთ მათ თამაშში და ამ საკითხზე არ უნდა ვიდავოთ, რადგან ეს ცუდ ტენდენციას დანერგავს საქართველოში – ჩვენ თავის მართლებას არ ვაპირებთ”.