ახალი ამბები

ბაროზო ”შეშფოთებულია” იმიტირებული რეპორტაჟის გამო

ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ განაცხადა, რომ იგი ”შეშფოთებულია” ტელეკომპანია ”იმედის” იმიტირებული რეპორტაჟის გამო და მოუწოდა საქართველოს თავი შეიკავოს იმგვარი ქმედებებისგან, რასაც შესაძლოა დაძაბულობის გამწვავება მოყვეს. 

”მე შეშფოთებული ვარ ცოტა ხნის წინ თბილისში იმიტირებული რეპორტაჟის გაშვების გამო,” – იტყობინება ”როიტერი” ბაროზოს სიტყვებზე დაყრდნობით, ”მინდა მოვუწოდო საქართველოს თავი შეიკავოს რაიმე ქმედებებისგან, რამაც შესაძლოა გააძლიეროს შიდა ან რეგიონალური დაძაბულობა”.

მან ეს განცხადება 17 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ნიკა გილაურთან ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. 

გილაურმა განაცხადა პრესკონფერენციაზე, რომ ტელეკომპანია, რომელმაც იმიტირებული რეპორტაჟი გაუშვა, კერძო კომპანიაა. დღესდღეობით უცნობია, თუ ვინ არის ტელეკომპანიის აქციების 90%-ის მფლობელი. ტელეკომპანიის ხელმძღვანელია ყოფილი ეკონომიკის მინისტრი, პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი და დიდი ხნის მოკავშირე გიორგი არველაძე. 

ბაროზომ კიდევ ერთხელ გაიმეორა ევროკავშირის ”ძლიერი მხარდაჭერა საქართველოში სტაბილურობის და დემოკრატიის მიმართ და მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და კონფლიქტების მოგვარებისადმი მიმართული მცდელობების მიმართ”.

”მომავალი ადგილობრივი არჩევნები შესაძლებლობას მისცემს საქართველოს შემდგომშიც გამოავლინოს თავისი ვალდებულება პოლიტიკური პლურალიზმის და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების მიმართ,” – განაცხადა მან.

მისი პრესსამსახურის ინფორმაციით, ბაროზომ ”მიულოცა გილაურს ის პროგრესი, რომელიც მიღწეულ იქნა კორუფციის აღმოფხვრის და მართლმსაჯულების სფეროს რეფორმირების კუთხით”.

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button