
ჟურნალისტების ეთიკის ქარტიის საბჭო გმობს იმედის ”საინფორმაციო მანიპულირებას”
საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის საბჭომ დაგმო ”იმედის” 13 მარტის ე.წ. მოდელირებული ”ქრონიკა”, როგორც ”უპასუხისმგებლო გადაცემა”, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ ის დეტალურად შეისწავლის ამ საკითხს და დასკვნას უახლოეს მომავალში წარმოადგენს.
დადგმული ახალი ამბების გამოშვება, ”ქრონიკა”, ”იმედის” ყოველკვირეული გადაცემა ”სპეციალური რეპორტაჟის” ნაწილი იყო. მისი წამყვანი, ნათია კობერიძე იმ 138 ჟურნალისტს შორის არის, რომლებმაც შარშან დეკემბერში ხელი მოაწერეს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიას, რითაც ვალდებულება აიღეს რომ დაიცავენ ქარტიაში ასახულ ძირითად ჟურნალისტურ სტანდარტებს.
ცხრა წევრისგან შემდგარი საბჭო უფლებამოსილია განიხილოს ქარტიის ხელმომწერი ჟურნალისტების მხრიდან ეთიკის ნორმების სავარაუდო დარღვევის შემთხვევები.
”ჟურნალისტმა ნათია კობერიძემ არხის მაყურებელს ”ქრონიკის” იმდღევანდელი ფორმატის განსაკუთრებულობის შესახებ 19:59 წუთზე მოკლედ და გაკვრით ამცნო. 20:00:23-ზე უკვე ეთერში გავიდა ”ქრონიკის ქუდი”, შემდეგ კი აბსოლუტურად ავთენტურ სტუდიაში წამყვანი ლაშა ხარატიშვილი გამოჩნდა. არც ერთი თვალშისაცემი ტიტრი ან სტუდიის ინტერიერის ცვლილება არ მიანიშნებდა იმაზე, რომ ეთერში ”მოდელირებული ქრონიკა” იყო და არა ”იმედის” დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. მსგავსი განმასხვავებელი ნიშანი ეთერში გასულ არც სხვა რეპორტაჟებს ახლდა,” – ნათქვამია ეთიკის ქარტიის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
”ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის საბჭო, განსაკუთრებულად დავინტერესდით ამ გადაცემით, რადგან ეს ქარტიის ხელმომწერი ჟურნალისტის საავტორო გადაცემაა. ეთიკის ქარტიის საბჭო ვგმობთ ადამიანებით მსგავს საინფორმაციო მანიპულირებას და მოვითხოვთ, ტელეკომპანია ”იმედის” ამ მიმართულების ხელმძღვანელებმა და გუშინ ეთერში გასული ტელე-პროდუქტის შემოქმედებითმა ჯგუფმა, პირად შეხვედრაზე განგვიმარტონ, სად, ვისი ხელმძღვანელობით და როგორ მომზადდა მსგავსი უპასუხისმგებლო გადაცემა,”- ნათქვამია განცხადებაში.