
მოსკოვი სამხედრო ბაზებზე ცხინვალთან შეთანხმებას გააფორმებს
რუსეთის მთავრობამ მოიწონა გაერთიანებულ სამხედრო ბაზაზე შეთანხმების პროექტი, რომელსაც სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთთან მოეწერება ხელი, იტყობინება ”ინტერფაქსი” 13 მარტს.
ამავე ცნობით, აფხაზეთთან თებერვალში გაფორმებული ანალოგიური ხელშეკრულების მსგავსად, ცხინვალის რეგიონის შემთხვევაშიც შეთანხმება 49 წლის ვადით დაიდება, 15-წლიანი პერიოდებით ავტომატური გაგრძელების შესაძლებლობით და რეგიონში რუსული ბაზის ფუნქციონირებისა და გამოყენების პირობებს განსაზღვრავს.
სააგენტო ასევე იტყობინება, რომ შეთანხმების პროექტი ითვალისწინებს გაერთიანებული რუსული ბაზის სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ ძალებთან ერთად მოქმედებას სეპარატისტული რესპუბლიკის, ”სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების” უზრუნველსაყოფად, მათ შორის ერთობლივი წინააღმდეგობის გაწევას საერთაშორისო ტერორისტული ფორმირებებისათვის.